ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრი აშენდება

„საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა. ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად  მიიღო“ ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ბოტანიკური ცენტრის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. დედაქალაქის მერმა ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებს, ასევე, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მადლობა გადაუხადა. 

„დღეს ბოტანიკურ ბაღში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რომელიც ბაღის ტერიტორიაზე ბოტანიკური ცენტრის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის სრულად განხორციელებას დაახლოებით, წელიწადნახევარი დასჭირდება.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ მომუშავე ადამიანებს ნორმალური პირობები ექნებათ, რადგან მათი შრომა ფასდაუდებელია. ეს იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც იმ ახალგაზრდებს, რომელთაც სამომავლოდ ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი და ინტერესი აქვს, გადამზადებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცემა, რაც მათ მომავალ საქმიანობაში დაეხმარება. მადლობა

ყველა თანამშრომელს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბოტანიკური ბაღი შენარჩუნებული, მოვლილი და გალამაზებული ყოფილიყო. ასევე, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“. მათი როლი ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებასა და განვითარებაში ძალიან დიდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებაში ბოტანიკური ბაღების საერთაშორისო საბჭოს (BGCI)  გენერალური მდივანი პოლ სმიტი მონაწილეობდა, რომლის შეფასებით, პროექტი საერთაშორისო მასშტაბით მნიშვნელოვანი იქნება და ბოტანიკური ბაღის განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის. მინდა, თამამად ვთქვა, რომ ეს იქნება მსოფლიო დონის ბოტანიკური ბაღი. მოხარული ვართ, რომ აღნიშნულ პროცესში ჩვენც ვმონაწილეობთ. მივესალმებით საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს მსოფლიოს იმ ეროვნული ბოტანიკური ბაღების ოჯახში, რომელთაც მცენარეთა კონსერვაციაში, მეცნიერებასა და საჯარო განათლებაში მნიშვნელოვანი შრომა აქვთ ჩადებული“, – განაცხადა პოლ სმიტმა.  

ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა, თამაზ დარჩიძემ უმასპინძლა. მისი განმარტებით, ახალი ბოტანიკური ცენტრი ლაბორატორიულ და ადმინისტრაციულ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი შენობა ბოტანიკური ბაღის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს და ბაღის სამეცნიერო-კვლევით, მცენარეთა საკონსერვაციო და საგანმანათლებლო მუშაობის ეფექტურობას გაზრდის. ცენტრში თავს მოიყრის მცენარეთა დაცვის ლაბორატორია, ეროვნული თესლის ბანკი, ქსოვილური კულტურის ლაბორატორია, სამეცნიერო ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და ეკოსაგანმანათლებლო სივრცე.

2020 წელს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ოფიციალური სტატუსის მინიჭების 175 წელს აღნიშნავს. საიუბილეო წელს ახალი ბოტანიკური ცენტრის მშენებლობა ისტორიული დაწესებულების საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის და მცენარეთა მრავალფეროვნების შესწავლასა და კონსერვაციას შეუწყობს ხელს.

ბოტანიკური ცენტრის მშენებლობაზე, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია „აგაჰ გრუპი“ განახორციელებს, 2.7 მილიონ ლარი დაიხარჯება. პროექტი 2021 წელს დასრულდება.

ბოტანიკურ ბაღში გამართულ ღონისძიებას თბილისის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, მეგობარი ქვეყნების ელჩები, პარტნიორი ბოტანიკური ბაღების წარმომადგენლები, ასევე, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

მსგავსი თემები