კორონავირუსის საფრთხემ სასტუმრო ბიზნესი შოკურ მდგომარეობაში ჩააგდო – ჯავშნები ჯავშნებზე უქმდება

„დღესდღეობით 200-ზე მეტ თანამშრომელს ვუთხარი, რომ საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს და შეიძილება ხელფასები ვერ გავცე“- ამის შესახებ
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა განაცხადა, როგორც თბილისში 6 სასტუმროს მენეჯერი ამბობს, სასტუმროები სტრესულ მდგომარეობაში არიან დედაქალაქში და ბანკებში არსებული დაუფარავი სესხების გარდა, მათ მაისისთვის ქონების გადასახადის დაფარვაც მოუწევთ, რაც რთულია იმ ფონზე, როცა საერთაშორისო ტურ-ოპერატორები ჯავშნებს ყველა მიმართულებიდან აუქმებენ.

კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჰოტელიერებს facebook-ის პირადი გვერდიდან მოუწოდა, ხვალ 12:00 საათზე whindam Grand Tbilisi-ში შეიკრიბონ. 

„ყველას პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სასტუმროები მართვაში ბანკის სესხით გვაქვს აღებული, ამიტომ სესხის გადახდის პრობლემა საერთოა. ჩვენ ვერ განვიხილავთ ამ მდგომარეობას როგორც ფორს-მაჟორს, თუმცა ფულიც არ გვაქვს. ჩვენთვის დაუძლეველი წინაღობაა ეს მდგომარეობა. თბილისზე მაქვს საუბარი, რეგიონებს არ განვიხილავთ, თუმცა რეგიონებშიც პრობლემებია, მაგრამ არა – ასეთი“,- ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

მისი თქმით, შოკური მდგომარეობიდან გამოსავალი კერძო სექტორმა თავად უნდა მოძებნოს, თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, გარკვეულ დათმობაზე წავიდეს, მაგალითად, ქონების გადასახადის გადავადებით.

„ეკონომიკის მინისტრი ამ პერიოდისთვის არ იმყოფება საქართველოში და დაბრუნებისთანავე შევხვდებით მას. გვაქვს მინისტრთან კომუნიკაცია. ყველა დაძაბულია იმის გამო, რომ მარტსა და აპრილში რა თანხებიც შემოდიოდა, ის მიდიოდა 1 მაისს ქონების გადასახადის დასაფარად, თუმცა ახლა ისეთი მდგომარეობა გვაქვს, ამ გადასახადის გადახდას ვერ შევძლებთ. ერთადერთი, რაც სახელმწიფოს შეგვიძლია ვთხოვოთ, იქნებ გადაგვივადოს ქონების გადასახადის დაფარვის ვადა იმისთვის, რომ ეს სტრესი მაინც მოგვეხსნას. სხვა საკითხებზე ჰოტელიერებმა და ბანკებმა უნდა ვილაპარაკოთ და შევთანხდეთ,” – განმარტავს სასტუმროების მენეჯერი.შალვა ალავერდაშვილი სასტუმროებში არსებულ სახელფასო კრიზისაც შეეხო.

„დღეისთვის ვართ შოკურ მდგომარეობაში სასტუმროების ჯავშნების ყოველწამიერი გაუქმება ხდება, ყველაზე მტკივნეული რაც არის ჩვენთვის რომ ყველა ჩვენი პარტნიორები ამას აღიქვამენ, როგორც ფორსმაჟორს და თანხების უკან დაბრუნებას ითხოვენ, თემა მიდის თანდათანობით იმისკენ რომ დღესდღეობით 200-ზე მეტ თანამშრომელს ვუთხარი, რომ საგანგაშო მდგომარეობა გვაქვს და შეიძლება ხელფასები ვერ გავცე.მარტი 55-57%-ით დატვირთული გვქონდა და ჩამოვიდა 4-5 % -ზე.“- განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

მსგავსი თემები