ინფექციურში, ამ დროისთვის 39 პაციენტი მკურნალობს, აქედან კორონავირუსზე 21-ის ტესტის პასუხი უარყოფითია

ინფექციურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 39 პაციენტი მკურნალობს. აქედან 21 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით უარყოფითია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, 31 წლის ქალს, რომელსაც დღეს დაუდასტურდა კორონავირუსი, სავარაუდოდ, არ ჰქონია მჭიდრო კონტაქტები.

„ამ ქალბატონს, როგორც ვიცი, არ ჰქონდა განსაკუთრებით მჭიდრო კონტაქტები. აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ სადაც მუშაობდა, იქ პირთაგან რომელიმესთან აღმოჩნდეს ტესტი დადებითი. თუ რომელიმესთან გამოვლინდება დაავადება, მათთანაც ჩატარდება კვლევები. მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, ტესტი უარყოფითია. ამ ეტაპზე 39 პაციენტი მიწევს, 21 ტესტი უარყოფითია, ამ 21 პაციენტს ვამზადებთ უკვე საკარანტინო სივრცეში გადასაყვანად. უკვე მოსულია ერთი სამარშრუტო მანქანა, რომელიც წაიყვანს ნაწილს და მერე მოვა მეორე სამარშრუტო მანქანა წაიყვანს ნაწილს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, დარჩენილი პაციენტების ტესტის პასუხები სავარაუდოდ, დღეს ღამით იქნება ცნობილი.

„ამ ტესტის პასუხის შედეგი თუ ნეგატიური იქნება, ამ დარჩენილ პაციენტებსაც, გადაიყვანენ საკარანტინო სივრცეში. ინფიცირებულ პაციენტს რაც შეეხება, თავის მეუღლესთან ერთად იყო მოსული თვითდინებით. ჯერ ახლა წარმოებს მგონი მათი მოყვანა, როგორც კი გათავისუფლდება ადგილები. უკვე არის საზოგადობრივი ჯანდაცვის მიერ შემოწმებული, ეპიდემიოლოგიური ისტორიის მხრივ განხილულია მასთან კონტაქტში მყოფი პირების ისტორია. ხდება მათი დამუშავება. რომელიც მოითხოვს თავისი კრიტერიუმებით მოთავსებას სტაციონარში და კვლევის ჩატარებას, მათ მოიყვანენ და ჩაუტარდებათ კვლევა“, – განაცხადა ეზზუგბაიამ.

მისივე თქმით, არასრულწლოვანს, რომელთან მიმართებაშიც ასევე კითხვის ნიშნები არსებობს, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა ტესტირება.

„იაშვილში მყოფ ბავშვს რაც შეეხება, ცხელება და კლინიკა ნაკლებად სავარაუდოა იყოს კორონავირუსი, ამიტომ ბავშვი ისევ რჩება იაშვილის კლინიკაში. იქვე აუღეს ტესტი კორონავირუსთან დაკავშირებით. პასუხი იქნება და ესეც გეცნობებათ“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხება კავკასიის უნივერსიტეტის 15-კაციან დელეგაციას, მისი ინფორმაციით, მხოლოდ ერთ მათგანს დაუფიქსირდა ცხელება.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს 15 კაციანი ჯგუფი უნდა გადაეყვანათ საკარანტინო სივრცეში. თუ არ ვცდები, მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს დაუფიქსირდა ცხელება. ახლახან იყო სატელეფონო კომუნიკაცია ჩემთან და დაავადებათა კონტროლის სამსახური თუ გადაწყვეტს, მოიყვანენ ჩვენთან და მოხდება მისი ჰოსპიტალიზაცია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები