ადამიანის უფლებათა ცენტრი საგარეჯოს სოფლებში სასმელი წყლის დაბინძურების პრობლემის თაობაზე განცხადებას ავრცელებს

“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის საგანგაშო დაბინძურების პრობლემა ხელისუფლებამ დროულად უნდა აღმოფხვრას”, – ამის შესახებ განცხადებას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

როგორ „მედიაცენტრ მთავარს“ ცენტრიდან აცნობეს, მონიტორინგის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის საგანგაშო დაბინძურება გამოვლინდა.

“სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს დაკვეთით ნათაძის სახელობის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის აკრედიტებულმა საგამოცდო ლაბორატორიამ 2019 წლის ოქტომბერში შემოწმება ჩაატარა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 5 სოფელში. კომისიამ დაადგინა, რომ 4 შემოწმებულ სოფელში (პატარძეული, გიორგიწმინდა, ნინოწმინდა, თოხლიაური) სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს.

ლაბორატორიისგან მიღებული დასკვნების საფუძველზე, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერს რეკომენდაციით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტის მერიას არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით, განეხორციელებინა როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები. მოკლევადიანი გეგმა ითვალისწინებს უმოკლეს ვადებში რეზერვუარების რეცხვა-დეზინფექციას და სასმელი წყლის ქლორით დაუსნებოვანებას. ამას გარდა, აღნიშნული სამუშაოების ჩატარებამდე, მოსახლეობა უნდა გაფრთხილებულიყო, რომ სასმელად მხოლოდ გადადუღებული წყალი მიეღოთ, მაგრამ – არა ხანგრძლივი პერიოდით.

დასკვნისა და რეკომენდაციების მიუხედავად, იმ სოფლებში, სადაც სასმელ წყალში საგანგაშო დაბინძურება აღმოჩნდა, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან არ გადადგმულა თანმხვედრი ნაბიჯები.

საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიხედვით, გარანტირებულია გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფრომაციის ხელმისაწვდომობა: „ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ“. შესაბამისად, მუნიცილალური ორგანოების მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის (სასმელი წყლის მდგომარეობისა და  მისი უსაფრთხო გამოყენების შესახებ) ადგილობრივი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება არა მათი კეთილი ნება, არამედ სამართლებრივი შედეგის მქონე პირდაპირი ვალდებულებაა.

წყლის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული სისტემური ხედვის არარსებობა ამ პრობლემის წლობით მოუგვარებლობის მიზეზია. არათანმიმდევრული საბიუჯეტო ხარჯვა და ფინანსური რესურსების ფრაგმენტული მობილიზება შეუძლებელს ხდის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის სუფთა სასმელ წყალზე წვდომას.

კონკრეტულ შემთხვევაში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მუნიციპალიტეტის მერიამ სასწრაფოდ განახორციელოს პირველადი, მოკლევადიანი ღონისძიებები, კერძოდ: აუცილებელია, უმოკლეს ვადაში, აღნიშნულ სოფლებში არსებულ სათავე-ნაგებობებში საქლორატორო ჯიხურების მოწყობა, რაც წყლის უვნებლობისა და შესაბამისად – ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისთვის გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი გააგრძელებს აღნიშნულ პრობლემაზე ადვოკატირებას, რათა „წყლის წლად“ გამოცხადებულ საარჩევნო წელს მთავრობამ რეალურად გადადგას ნაბიჯები სოფლებში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს:

საგარეჯოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოებს, მიაწოდონ მოსახლეობას დროული და სრულყოფილი ინფორმაცია მუნიციპალური სასმელი წყლის ვარგისიანობაზე, მისი გამოყენების წესებსა თუ უსაფრთხოებისთვის აუცილებელ ზომებზე;

საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს წყლის პრობლემებზე მუშაობა და შეიმუშაოს ამ პრობლემათა აღმოფხვრის ერთიანი, სისტემური ხედვა. მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა, რათა ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა სუფთა წყალზე;

ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმარებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის საკითხს და შეიმუშაონ არსებული პრობლემების მოგვარების სტრატეგია”, – ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები