მსოფლიოს ჩემპიონატი ახლოვდება, საქართველოს ძიუდოს ფედერაციას პრეზიდენტი არ ჰყავს – შოთა ხაბარელი

​პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციაში ახალი პრეზიდენტის არჩევნები, სულ მცირე ერთი თვის ვადაში უნდა გამოცხადდეს, რადგან ახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატი, საქართველო ყველა ასაკობრივ ჯგუფებში მონაწილეობს და ნაკრები ამ პირობებში ვერ გავა შეჯიბრზე.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა ხაბარელმა განაცხადა, საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტად შეირჩეს ადამიანი, რომელიც არის ახლოს ძიუდოსთან, აქვს საერთაშორისო გამოცდილება და არ გაუჭირდება ურთიერთობა, როგორც ადგილობრივ სპორტსმენებთან და მწვრთნელებთან, ისე ევროპისა და საერთაშორისო ძიუდოს ფედერაციებთან.

“ყველასათვის ცნობილია ძიუდოს ფედერაციაში რა პროცესები ვითარდებოდა, ეს არ იყო მარტივი, რთული პერიოდი გაიარეს სპორტსმენებმა, მწვრთნელებმა, საერთოდ ძიუდოს სამყარომ. მთავარია, რომ ბიჭებმა დაიწყეს ვარჯიში, მაგრამ ახლა არის უფრო მნიშვნელოვანი პროცედურა, ვინ უხელმძღვანელებს ძიუდოს ფედერაციას, როგორი კომუნიკაცია ექნება მას სპორტსმენებთან და საერთოდ, როგორ წარიმართება ძიუდოს საქმიანობა. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია წინ გასავლელი. გუნდს სჭირდება კონსოლიდაცია, ერთობლივი წვრთნების ჩატარება, ამისთვის საჭიროა პრეზიდენტი და მთავარი მწვრთნელი”, – აცხადებს შოთა ხაბარელი.

​მისივე თქმით, პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატურა განიხილება, თუმცა, იმის გამო, რომ სპორტის სამინისტროს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, კონსულტაციები მხოლოდ ძიუდოს ფერედაციაში მიმდინარეობს.

​​გარკვეულ წილად მაქვს ინფორმაციას კანდიდატებზე, ვისზედაც მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა ამ ეტაპზე არ შემიძლია ვისაუბრო ღიად, თუ ეს საკითხი დადებითად გადაწყდა, ძიუდოს ფედერაციას ძალიან კარგი მენეჯერი და ხელმძღვანელი ეყოლება”, – აცხადებს დეპუტატი.
მისივე ინფორმაციით, ყრილობას ნიშნავს აღმასკომი, რის შემდეგაც გამოცხადდება არჩევნები.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ არის, რაც 2 ივნისს დავით ქევხიშვილმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა.

მსგავსი თემები