“ვიღაცამ გაბედა და პარლამენტში გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი, ეს არის იუნკრების შეურაცხყოფა” – სალომე ზურაბიშვილი

“მათი ბედი იყო უსამართლო, ბრძოლა იყო უთანასწორო”, – ამის შესახებ პარლამენტში იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ძალიან იშვიათია, იდგე იმ ადგილას, სადაც მართალნი განისვენებენ.

“ქართველ სამხედროებს სადაც არ მოუწევთ ბრძოლა, ავღანეთი იქნება, თუ ცენტრალური აფრიკა, ყველგან მათი ბრძოლა არის დაუვიწყარი სხვებისთვის, რადგან აქვთ ეს შემართება, ეს გამბედაობა, რომელიც მოდის მხოლოდ, როცა იცი, რისთვის იბრძვი. მათ, ვინც აქ განისვენებენ, იცოდნენ, რისთვის იბრძოდნენ, იცოდნენ, რომ ეს ქვეყანა ღირსი არის ბრძოლის, ბოლომდე ბრძოლის, ამ თავშეწირვის და ეს არის ის, რაც მათ დაგვიტოვეს როგორც მაგალითი, რომელიც უნდა ვატაროთ, რომელიც ჩვენ შემდეგ თაობას უნდა გადავცეთ. გადავცეთ იმისთვის, რომ იცოდნენ, ეს ქვეყანა ღირსი არის ჩვენი გაერთიანების, ჩვენი შერიგების და ჩვენი ბოლომდე ბრძოლის“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის განცხადებით, სწორედ ამ გმირების შეურაცხყოფა იყო ფაქტი, როცა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და მთლიანად საზოგადოება არ არის შეკრებილი. სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და ამ ადგილას გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი, ეს არის ამათი შეურაცხყოფა. ყველაფერი შეიძლება, ყველანაირი კრიტიკა, ყველანაირი დაცინვა, მაგრამ რაღაცები არ შეიძლება და ეს არის ის, რაც უნდა ვასწავლოთ მომავალ თაობას, რომ რაღაც არ შეიძლება, რომ რაღაცაში ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი თუ გვინდა გამარჯვება. ბრძოლა გრძელდება, როცა პატივს მივაგებთ ტატუნაშვილის ხსოვნას, გრძელდება, როცა დღეს კიდევ იტაცებენ ახალგაზრდა ბიჭს, 17 წლისას, როგორიც იყო გივი ღამბაშიძე, როცა წავიდა ტაბახმელაში და იქიდან ომის დღიურებს წერდა. ეს არის ჩვენი ბედი და ამ ბედს ჩვენ ვერ შევხდებით თუ არა ერთიანად, თუ არა გულწრფელად. ერთიანად იმ მთავარზე, რაც არის ქვეყნის დამოუკიდებლობა, ქვეყნის სუვერენობა“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები