„სასწრაფოდ დაასრულონ გიას საქმე და ვანოს წაუყენონ ბრალი“ – ლია კრიალაშვილი ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს

პოლკოვნიკ გია კრიალაშვილის და – ლია კრიალაშვილი გენერალურ პროკურორს მიმართავს და შეხვედრას ითხოვს. როგორც ლია კრიალაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ირაკლი შოთაძემ გია კრიალაშვილის  საქმის გამოძიება უნდა დაასრულოს და ბოლომდე მიიყვანოს.

„პროკურატურისგან  მოვითხოვ, სასწრაფოდ იქნეს გიას საქმე დასრულებული და ვანოს წაუყენონ ბრალი. ამდენი წელია, ეს საქმე თაროზე აქვთ შემოდებული. ვითომ, ძიება დაიწყეს 2013 წელს, მაგრამ, რეალურად არაფერი გაკეთებულა. ამბობენ, მტკიცებულებები არ გვაქვსო, მაგრამ, მე ვფქრობ, რომ ვანომ უნდა მოიხადოს სასჯელი გიას მკვლელობის დაკვეთის გაცემაზე“ – განაცხადა ლია კრიალაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე თქმით, მისი ძმის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით პირველი დავალება მიხეილ სააკაშვილისგან მოდიოდა, რომელიც შემდეგ ვანო მერაბიშვილმა შეასრულებინა.

„ეს მხოლოდ ვანოს არ ეხება. მკვლელობის პირველი ბრძანება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, როცა თქვა, რომ გია კრიალაშვილი საქართველოს მიწაზე არ უნდა დადიოდეს და მიწიდან ამოიღეთო. ეს უკვე იყო მკვლელობის, ლიკვიდაციის მითითება. ვანომ კი მკვლელობა დაუკვეთა სპეცრაზმს და თავის გოშიებს და შესრულდა ეს ბრძანება,  ვანომ მიიღო 1 გვამი 2-ის სანაცვლოდ“ – განაცხადა ლია კრიალაშვილმა.

რაც შეეხება მთავარ პროკურორთან შეხვედრის მოთხოვნას, ლია კრიალაშვილი პასუხს პროკურატურისგან ელოდება.

„მოვითხოვ შოთაძესთან შეხვედრას. საჯაროდაც ვაცხადებ ამას და იმედი მაქვს შემხვდება. ვითხოვ სასწრაფოდ შეხვედრა. ვანო რომელიც გუშინ გამოვიდა და გააკეთა განცხადება რომ ხელისუფლებას 1 წელიწადში დაამხობს, ეს კაცი გარეთ გასაჩერებელი არ არის. დაველოდები როდის შემხვდება. 7 წელია გამოძიება დაწყებულია, წელია, თუმცა, შედეგი არ გვაქვს. კარგა ხანია პროკურატურა არ დავკავშირებივარ, რადგან, აზრი არ ჰქონდა, სულ მეუბნებოდნენ რომ ძიება მიდის და საქმე ძიებაშია“ – აღნიშნა ლია კრიალაშვილმა „მედიცენტრ მთავარში“.

მისივე თქმით, არსებულ ხელისუფლებაზე ნაწყენია: „ნაწყენი ვარ ამ ხელისუფლებაზეც. ამდენი ხანი ხალხის დაკვეთა უნდა შეესრულებინათ. ვალდებულები არიან საქმეები დაასრულონ. თუ არ დამიძახებენ, მე თვითონ შევაწუხებ“.          

მსგავსი თემები