5 000 ლარიან ქრთამზე მებაჟე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი გია გ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში არადეკლარირებული საქონლის მალულად შემოტანაში დაეხმარებოდა. კერძოდ, იგი არ დააფიქსირებდა არადეკლარირებულ საქონელს, რომელიც ავტომანქანაში მალულად იქნებოდა განთავსებული, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ მოქალაქეს ქრთამის სახით ეტაპობრივად 5000 ლარი გამოართვა.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მსგავსი თემები