საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 5.7  პროცენტით გაიზარდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 882.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 5.7 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ექსპორტი 262.6 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (10.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 619.8 მლნ. აშშ დოლარს (4.0 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, მიმდინარე წლის იანვარში, 357.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

2020 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (44.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (44.0 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (33.4 მლნ. აშშ დოლარი).

ამასთან, იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.4 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (97.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (72.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (65.0 მლნ. აშშ დოლარი).

ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (117.1 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (109.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (106.0 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 51.8 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 19.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 49.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 18.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 16.0 მლნ. აშშ დოლარით (6.1 პროცენტი).

ხოლო, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობის აირების სახით, რომლის იმპორტმა 56.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.2 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 51.6 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 50.0 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.1 პროცენტი).

მსგავსი თემები