საბჭოთა ეპოქის დროინდელი დაუსრულებელი შენობა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

  •  

​თბილისის შემოგარენის, კერძოდ, წყნეთის მოსახლეობა, ვაკის რაიონის გამგეობას და დედაქალაქის მერიას მოუწოდებენ მიიღონ ზომები, თამარაშვილის ქუჩაზე არსებულ, დაუსრულებელ ნაგებობასთან დაკავშირებით, რომლის გამო მოსახლეობას სასიცოცხლო საფრთხე ექმნება.

​როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ვაკის რაიონის გამგეობას არაერთხელ მიმართეს განცხადებით, მაგრამ უშედეგოდ.

​მათივე ინფორმაციით, თამარაშვილის ქუჩის N13 -ში მშენებლობა ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყო და მას შემდეგ სამშენებლო პროცესი გაურკვეველი ვადით არის შეჩერებული. ამ ხნის განმავლობაში, შენობის სახურავზე ხის კონსტრუქციები მოირყა და ყოველი ქარიანი ამინდის დროს, ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ექმნებათ.

“ამ ქუჩაზე გაიარა სტიქიურმა უბედურებამ, მაგრამ დიდი ხანია ეს საშინელი შენობა დგას სტიქიური უბედურების სახით. შენობის სახურავზე დამაგრებული ხის კონსტრუქციები მოირყა, ქარის დროს მოძრაობს, შენობის ქვემოთ გადის გზა საცხოვრებელი ეზოსკენ, დადიან ადამიანები, თამაშობენ ბავშვები, რომლებსაც საფრთხე ექმნებათ.  მოახდინეთ რეაგირება სანამ რამე უბედურება არ დატრიალებულა, შენობის მესაკუთრეები ვინ არიან გაურკვეველია. გთხოვთ მიიღოთ ზომები და აიძულოთ მშენებლობის მესაკუთრეები მოხსნან საფრთხე, რასაც ადგილობრივ მოსახლეობას უქმნიან”, – მიმართავენ ადგილობრივები თბილისის მერიას სოციალური ქსელის საშუალებით.
აღსანიშნავია, რომ თბილისი მერი, კახა კალაძე გეგმავს, დედაქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებთან და მიტოვებულ შენობებთან დაკავშირებით კონკრეტული ხედვა წარმოადგინოს.
როგორც კალაძემ დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე განაცხადა, ასეთი შენობები ამახინჯებს ქალაქის იერსახეს, არის ანტისანიტარიის კერა და ქვეწარმავლების ბუდე.

 

მსგავსი თემები