ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას ღამის საათებში საწარმოების ხმაური აწუხებთ 

  •  

თბილისის მერი კახა კალაძე, სამგორის რაიონის, კერძოდ, ლორთქიფანიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემების შესახებ მოისმინა. ადგილობრივი მცხოვრებლები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საწარმოებიდან, ღამის საათებში მომდინარე ხმაურის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

კახა კალაძე მოქალაქეებს პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

“მოსახლეობასთან იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომელიც აწუხებთ. მათ დავპირდი, რომ ტერიტორიაზე მათთვის და ბავშვებისთვის სკვერი მოეწყობა. გამწვანებული სივრცე და სასიამოვნო გარემო ექნებათ, სადაც დაისვენებენ. ასევე, მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე არის საწარმოები, რომელიც ღამის საათებში მუშაობს. ამასაც დავარეგულირებთ და მოვასწერიგებთ. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი სამუშაოები მთელი ქალაქში მიმდინაროებს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ერთდროულად ამ მასშტაბის ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბოლო წლების განმავლობაში არ განხორციელებულა”, – აცხადებს კალაძე.

გრიგოლ ლორთქიფანიძის (ყოფილი კაიროს) ქუჩის N20, 22 და 24 -ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობა იგეგმება,  რისთვისაც საჭირო ნიშნულამდე გრუნტი უკვე მოიჭრა და ამჟამად, ბალასტის ნარევით კონსტრუქცია ეწყობა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი 4600 კვ.მ ფართობზე დაიგება და ბორდიური მოეწყობა. აღნიშნულ ქუჩაზე წყლისა და წყალარინების ქსელი შარშან მოწესრიგდა. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 230 000 ლარს შეადგენს.
მათვე ინფორმაციით, სამუშაოები ივლისის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც, N20 კორპუსის ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება.

მსგავსი თემები