2008 წლის ომის საქმეზე, გიორგი გახარია საერთაშორისო პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა

  •  

 
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გიორგი გახარია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორ ფატუ ბენსუდას შეხვდა. როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ პრემიერის აპარატიდან აცნობეს, მხარეებმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიებაზე ისაუბრეს. 

„საუბრისას აღინიშნა ქართული მხარის ნაყოფიერი თანამშრომლობა პროკურორის ოფისთან, რათა დეტალურად იყოს გამოძიებული ქართული მხარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, როგორებიცაა: ქართველების ეთნიკური წმენდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს; ქართველი სამხედრო ტყვეების წამება და წამების შედეგად დამდგარი სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა აღნიშნა გამოძიებაში არსებული პროგრესი და ყურადღება გაამახვილა იმ ძალიან დიდ ძალისხმევაზე, რომლის გაწევაც მის გამომძიებლებს უხდებათ, რათა გამოძიება კიდევ უფრო ნაყოფიერად და სწრაფი ტემპით წარიმართოს“ – აცხადებენ პრემიერ-მინისტრის აპარატში. 

ქართულმა მხარემ, კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძოს პროკურორის ოფისთან თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს მას აგვისტოს ომის დროს ეთნიკური ქართველების უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების წარმატებით გამოძიების პროცესში.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, საერთაშორისო სასამართლოში გამოძიება მალე უნდა დასრულდეს, რომლის შემდეგაც, შედეგები საჯარო გახდება.   

მსგავსი თემები