„სახელმწიფო დაინტერესებულია, ქვეყანაში ენერგიის ალტერნატიული წყაროები დაინერგოს“ – სულხან მახათაძე

  •  

საქართველოს პარლამენტის პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პირველი მოადგილის, სულხან მახათაძის განცხადებით, საქართველოში ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს „მწვანე ეკონომიკის“ განვითარებისთვის და მაც ალტერნატივა არ გააჩნია.

აღნიშნული განცხადება მახათაძემ „მწვანე ეკონომიკა და მდგრადი განვითარების“ ფარგლებში საჯარო და კერძო დიალოგის აქტივობათა სერიის დათვალიერებისას გააკეთა.

პროექტის: „მონაწილეობითი საჯარო-კერძო დიალოგის განვითარება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წარმომადგენლებმა გასვლითი ღონისძიება მოაწყვეს და სხვა საჯარო მოხელეებმა,  ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ექსპერტებმა განახლებადი ენერგიის სექტორში მომუშავე არაერთი სტარტაპი დაათვალიერეს.

მათ შორის, „ჰელიოს ენერჯი ჯორჯია”-ს მიერ თბილისში განთავსებული, საქართველოში ყველაზე მძლავრი მზის ელექტროსადგური და  ქარელის რაიონული საავადმყოფო, რომელიც წარმატებით იყენებს ენერგიის ამ ალტერნატიულ წყაროს.

როგორც სულხან მახათაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, შეხვედრაზე საქართველოში მზის ელექტროსადგურების დანერგვის პერსპექტივებზე, გამოწვევებსა და შედეგებზე იმსჯელეს, რაც საკმაოდ რეალისტურია:

„შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო  მზის ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენებისთვის საჭირო ღონისძიებებსა და მექანიზმებს. ენერგიის ალტერნატიული წყაროები, ნაკლები დანახარჯებით, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას იძლევა და მისი გამოყენებით სახელმწიფო დაინტერესებულია. ძალიან ბევრი სახელმწიფო შენობა გვაქვს, იგივე, ბაღები, სკოლები, საჯარო დაწესებულებები, რომლებიც შეიძლება განახლებად ენერგიაზე გადავიდნენ და ამით ხარჯები შემცირდეს“.

მისივე შეფასებით, კომიტეტი „მწვანე ეკონომიკის“ გამოყენების მიმართულებით, წახალისების ფორმებზე აქტიურად მუშაობს.

„მზის ენერგიის გამოყენება ნებისმიერი მომხმარებლისთვის მისაღები, მომგებიანი და აუცილებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ჩემი შეფასებით ეს არის უახლოესი პერსპექტივა, რომელიც, სხვადასხვა მიმართულებით, საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. ჩვენი ჩართულობა იმ  კუთხითაც იქნება, რომ საბანკო სექტორი დაინტერესდეს აღნიშნული მიმართულებით. გამორიცხული არ არის საკანონმდებლო ინიციატივების“ – განაცხადა სულხან მახათაძემ.  

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები  ეკოლოგიურად სუფთა საწვავის – ბრიკეტის მწარმოებელ კომპანიასაც ესტუმრნენ და  ადგილზე გაეცნენ ბრიკეტის წარმოების პროცესს.

როგორც სულხან მახათაძემ აღნიშნა, ბრიკეტები ხე-ტყის ალტერნატივას წარმოადგენს, არის ეკოლოგიურად სუფთა საწვავი და გამოირჩევა ენერგოეფექტურობით.

შეხვედრაზე დეპუტატებმა, კომპანიის წარმომადგენლების, კომპანიის პროდუქტის მომხმარებლებისა და დარგის ექსპერტების მონაწილეობით,  საქართველოში ტყის რესურსების მდგრადი მართვის შესაძლებლობებიც განიხილეს.

მსგავსი თემები