„ბლუმბერგი“ ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს

გამოცემა „ბლუმბერგი“ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ლობისტური კომპანიის დაქირავებაზე საუბრობს. როგორც  გამოცემა წერს, ბიძინა  ივანიშვილს ლობისტური კომპანიის დაქირავება კონგრესმენების ბოლოდროინდელმა წერილებმა აიძულა და მას „ჩრდილოვან ბოსს“ უწოდებს.

„თავად ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეგრესისთვის, რომელიც რეპრესიებში გადაიზარდა. საქართველომ რამდენიმე პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, რომლებიც ივანიშვილის კონტროლის ეფექტურ კონსოლიდაციას ახორციელებდნენ და ამ ბოლო დროს,  ოპოზიციის დაშინებასა და დაპატიმრებაზეც გადავიდნენ. ამის უკანასკნელი მაგალითია ის, რომ ორშაბათს უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა დანაშაულისთვის, რომელზეც ის დაპატიმრებული უკვე იყო“ – წერს გამოცემა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში ვაშინგტონთან უფრო ახლო ურთიერთობა დაემყარებინა კანონის უზენაესობის დაცვითა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. გამოცემის დასკვნით, არსებულ რეალობას ვერანაირი ფული და ლობისტური კომპანიები შეცვლიან.

როგორც გამოცემა წერს, „ქართულმა ოცნებამ“ რომელიც ყველაზე მდიდარმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, ერთთვიანი, 75 000 დოლარიანი კონტრაქტი გაუფორმა ლობისტურ კომპანიასთან და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სენატორებმა საქართველოში კრიტიკული წერილები გამოაგზავნეს.

მსგავსი თემები