საქართველოს ხელოვნების სასახლე უმაღლესი ევროპული ჯილდოს მფლობელია 

საქართველოს ხელოვნების სასახლეს, ევროპის კულტურული მემკვიდრეობის უმაღლესი ჯილდო “ევროპა ნოსტრა” გადაეცა! ეს უმნიშვნელოვანესი აღიარება მუზეუმმა სამეცნიერო პროექტისათვის “ქსოვილი საქართველოდან” მიიღო.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” ხელოვნების სასახლეში განუცხადეს, 400 გვერდიანი ნაშრომი, რომელიც ქართული ქსოვილის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე მოგვითხრობს, კომპეტენტურმა ჟიურიმ ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევად აღიარა!

მათივე ინფორმაციით, ალბომში შესულია საქართველოს მეფეთა და დედოფალთა, ერისთავთა ძვირფასი სამოსი, უნიკალური კოსტიუმები რომლებიც მუზეუმშია დაცული! ქართულმა ქსოვილმა ევროპელი მეცნიერებისა და ხელოვნებათმცოდნეების დიდი მოწონება დაიმსახურა, რამაც განაპირობა კიდეც პროექტის მსოფლიო დონის აღიარება.

დაჯილდოვების საზეიმო ღონისძიება 22 ივნისს, ბერლინში, კონგრესის დარბაზში გაიმართა.  ღონისძიებას ესწრებოდა გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაიმაიერი და ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი პლასიგო დომინგო.

“საქართველოს ხელოვნების სასახლე პირველი ქართული მუზეუმია რომელსაც ევროპის ტერიტორიაზე საუკეთესო სამეცნიერო კვლევისათვის ეს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა!პროექტის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ევროპა ნოსტრა საქართველოს წარმომადგენლობას”, – აცხადებენ ხელოვნების სასახლეში.!

აღნიშნული პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი გიორგი კალანდია, მონაწილეები: თსუ დოქტორანტი ირინე საგანელიძე, ხელოვნების სასახლის დირექტორის მოადგილე ირაკლი ზამბახიძე. პროექტის სამუშაო ჯგუფი მერი ხარაიშვილი, თაკო თოლორდავა, ეკატერინე გეგუჩაძე, ივანე კიკნაძე, ანი ბაკურიძე, არტემ ანტანოსი, ელენე სალარიძე, გულიკო კვანტიძე.

 

მსგავსი თემები