„ძალიან მალე, იქნება ძალა, რომელიც ქვეყანას პოზიტიურ ალტერნატივას შესთავაზებს“ – ბექა ნაცვლიშვილი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაზე

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა, ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განცხადება „მედიაცენტრ მთავარში,“ გააკეთა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არ არის გამორიცხული, ამ ახალ გაერთიანებაში, საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული რამდენიმე დეპუტატიც აღმოჩნდეს.      

„ერთადერთი გზა „ქართული ოცნების“ დამარცხებისა,  ეს არის არა  ისეთი პოლიტიკური ძალების გაერთიანება, რომლებიც მხოლოდ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმდებიან, არამედ ისეთი, ვინც მოსახლეობას სოციალური თუ ეკონომიკური მიმართულებით პოლიტიკას შესთავაზებს. პირობას გაძლევთ, ძალიან მალე  იქნება ძალა, რომელიც ამ ქვეყანას პოზიტიური ალტერნატივას შესთავაზებს მოსახლეობას და იმ პოლიტიკისთვის იბრძოლებს, რომელი პოლიტიკის საფუძველზეც ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოვიდეს“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

კითხვაზე, ვინ მოიაზრება ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაძლოა თუ არა, მმართველი გუნდიდან ბოლო პერიოდში წასულები ვიხილოთ, ნაცვლიშვილმა არაფერი გამორიცხა.

„მიდის მოლაპარაკებები, შეიძლება მოხდეს გაერთიანება საღი და მართლაც გულანთებული ადამიანების, რომლებსაც ექნებათ ერთი ხედვა, პლატფორმა. მთავარია საზოგადოებას პოლიტიკური პროცესების ნორმალიზებისა და სტაბილურობის გზა შევთავაზოთ. არსებულ ვითარებაში, არჩევნები ვერ ჩატარდება. არ არის გამორიცხული, ამ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში მმართველი გუნდიდან ბოლო პერიოდში წასული რამდენიმე სუბიექტიც აღმოჩნდეს“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.  

„მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები