“თუ მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში შეყვება, მაჟორიტარები მუხრუჭს გამოვიყენებთ” – დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ისეთი შეთავაზების გაკეთება სურს, რომელსაც შედეგი არ ექნება და შემდეგ გადავლენ რევოლუციურ სცენარზე.

„ვფიქრობ, რომ მმართველი გუნდის მიერ არის უკიდურესი კომპრომისული ვარიანტი შეთავაზებული, რის იქეთაც უკვე ქვეყანაში კრიზისი არის მოსალოდნელი. ამიტომ, მმართველი გუნდი ოპოზიციას სახიფათო თამაშში არ უნდა შეყვეს და თუ ამას გააკეთებს, ჩვენ მაჟორიტარები და არამხოლოდ მაჟორიტარები, კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ მუხრუჭს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება ამერიკის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებას, ხუნდაძე ამბობს, რომ კომპრომისი აუცილებელია და აღნიშნულთან დაკავშირებით კინზინგერის განცხადება ოპოზიციასაც ეხება.

„რა თქმა უნდა, კომპრომისი არის აუცილებელი და თქვენ რატომ თვლით, რომ კინზინგერის განცხადება არის მხოლოდ მმართველი გუნდისთვის და ის არ ეხება ოპოზიციას. მმართველი გუნდი რომ მიიჩნევს, რომ კომპრომისი აუცილებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სწორედ ამიტომ რამდენიმეჯერადი კომპრომისი გაიღო, მათ შორის მაჟორიტარებმაც გავიღეთ არაერთხელ კომპრომისი. ასი ორმოცდაათზე, ეს არის ის უკიდურესი კომპრომისი, რაც საფუძვლად უდევს იმას, რომ უნდა იყოს ქვეყნის ინტერესები დაცული, იყოს კომპრომისი, რათა ქვეყანა არ შევიდეს კრიზისში“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები