ეუთო/ოდირი დოკუმენტს არც იწონებს და არც იწუნებს – როგორია ორგანიზაციის რეკომენდაცია?!

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნა დღის მთავარ პოლიტიკურ თემად იქცა. ეუთო/ოდირი დოკუმენტს არც იწონებს და არც იწუნებს, რაც პოზიცია-ოპოზიციისთვის დოკუმენტის თავისებურად გაგების შესაძლებლობას იძლევა. ერთადერთი, რაც დასკვნაში ხაზგასმითაა აღნიშნული, არის ის, რომ საარჩევნო სისტემის დაწესება არ ხდება, სისტემას თავად მოსახლეობა, ფართო დისკუსიის შედეგად ირჩევს.  

„საერთაშორისო სტანდარტები არ აწესებს საარჩევნო სისტემების არჩევას.  სისტემის შერჩევა, მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული, ფართო დისკუსიის საგანი უნდა გახდეს; საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა იყოს ღია ცვლილებისთვის, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი“ – ვკითხულობთ დოკუმენტში.   

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის  დასკვნაში ასევე საუბარია ძირითად რეკომენდაციებზე:  

„შეიცვალოს დებულება ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის შევსების წესის შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ბიულეტენები, სადაც ამომრჩევლის სურვილი ნათლადაა გამოხატული ბათილად არ იქნას ცნობილი; გადაიხედოს ის დებულება, რომელიც უგულებელყოფს იმ ამომრჩევლების მიერ პარტიული სიებისთვის მიცემულ ხმებს, რომლებმაც ხმა მისცეს „ამ“ ოლქში მაჟორიტარულ რბოლაში გამარჯვებულ დამოუკიდებელ კანდიდატს; ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევნების შესაჯამებლად მიცემული ვადა საჭირო პერიოდს არ აღემატებოდეს და საარჩევნო დავების ვადებთან შესაბამისობაში იყოს; პოლიტიკურად ნეიტრალური მექანიზმის უზრუნველსაყოფად, გადაიხედოს იმ ქვე-ოლქის შერჩევის მეთოდი, რომელშიც ჩატარდება შუალედური არჩევნები; განხორციელდეს ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს დებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანდატების თანაბარი განაწილება ახალ მრავალწევრიან ოლქებს შორის; გადაიხედოს კანონპროექტი, განისაზღვროს რომელი დებულებები იცვლება და უზრუნველყოფილი იქნას ცვლილებების თანმიმდევრობა საარჩევნო კოდექსის არსებულ დებულებებთან“, – ვკითხულობთ დოკუმენტის რეკომენდაციების ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ოპოზიციის მიერ მომზადებულ ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირს შეფასებისთვის, სახალხო დამცველმა 2019 წლის  დეკემბერში მიმართა.

მსგავსი თემები