თბილისი – საუკეთესო ადგილი ევროპაში კოლმარისა და ათენის შემდეგ

„საუკეთესო ადგილები ევროპაში 2020 წელს სამოგზაუროდ“ – აღნიშნულ გამოკითხვას  ვებპორტალი „ევროპის საუკეთესო ადგილები“, უკვე 11 წელია, ატარებს.  გამოკითხვაში მონაწილეობა წელს 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო.

რეიტინგში საქართველოს შესახებ აღნიშნულია, რომ  „დედაქალაქი თბილისი კულტურული, გასტრონომიული მრავალფეროვნებით, არქიტექტურის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია“.

ამასთან, პორტალი თბილისის არქიტექტურაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„შუა საუკუნეების ნაგებობები ბრწყინვალე ოსმანური სტილის ნაგებობებს ერწყმის. აქ იხილავთ ნეოკლასიკას, საბჭოთა ან თანამედროვე შენობებს. თბილისი პატივს სცემს წარსულს და მიმართულია მომავლისკენ, მისი ახალგაზრდობისა და ხვალინდელი გამოწვევებისკენ. აუცილებლად ადით თბილისის მწვერვალზე და მოინახულეთ თბილისის მცველის, ქართლის დედის ქანდაკება, საიდანაც დედაქალაქზე გამორჩეული პანორამა იშლება. მშვიდობის ხიდი, მეტეხის ტაძარი, თერმული აბანოები, ახალი თეატრი და მთაწმინდის გასართობი პარკი ახალგაზრდებისა და ხანდაზმულებისთვის”, – ვკითხულობთ თბილისის აღწერაში.

ვებპორტალი საქართველოში მოგზაურობის მსურველებს საუკეთესო პერიოდსაც ურჩევს. „საქართველოს დედაქალაქი შესანიშნავია გაზაფხულსა და ზაფხულში, როდესაც ბუნება იღვიძებს, ზამთარში კი, მისი ათასობით მოციმციმე ნათურით, საშობაო დეკორაციებითა და ბაზრით”.

რეიტინგში პირველ ადგილს საფრანგეთის ქალაქი კოლმარი იკავებს. მეორე ადგილზე კი, საბერძნეთის დედაქალაქი ათენია. 2020 წელს სამოგზაუროდ 15 საუკეთესო ადგილს შორის ასევე დასახელდა: ვენა (ავსტრია), კაშკაიში (პორტუგალია), სიბიუ (რუმინეთი), ნამური (ბელგია), რიეკა (ხორვატია), პარიზი (საფრანგეთი), ბიდგოშჩი (პოლონეთი), რომი (იტალია), ჰევიზი (უნგრეთი), კორკი (ირლანდია), როშფორი (საფრანგეთი), მენორკა (ესპანეთი).

მსგავსი თემები