„ჩვენს ქვეყანაში, ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან, არც ექიმთან მიუსვლელობით იღუპებიან ადამიანები“ – დიმიტრი ხუნდაძე

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. ის სარგებელი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა,  სახეზეა. დღეს, უფულობითა და ექიმთან მიუსვლელობით ადამიანებო ქუჩაში არ იღუპებიან. გავბედავ და ვიტყვი, რომ დღეს არც შიმშილით იღუპებიან ბავშვები ჩვენს ქვეყანაში“ – ეს განცხადება პარლამენტის ჯანადცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა და იმ პროგრამებზე ისაუბრა, რამაც არსებული შედეგები მოიტანა.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელმა დადასტურებული ციფრებიც წარმოადგინა, თუ რა ვითარება იყო 2012 წლამდე და რა რეალობაა დღეს.

„რაც შეეხება 1 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას,  2012 წელს დაფიქსირდა 728 შემთხვევა,  2018 წელს კი – 416;  5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობას რაც შეეხება,  2012 წელს იყო 836 შემთხვევა,  2018 წელს კი 499. განსხვავება რადიკალურია. ბევრად გაუმჯობესებული მონაცემები გვაქვს ყველა მიმართულებით“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.  

დეპუტატმა, ოპონენტების მხრიდან ბოლო პერიოდში აგორებულ თემაზე – შიმშილით გარდაცვალებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოში ბავშვები შიმშილით არ იღუპებიან.

„ოპონენტები ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოს, ქვეყანაში 77 000 ბავშვი შიმშილის ზღვარზეა და წელიწადში შიმშილით 300 ბავშვი იღუპება. მინდა გითხრათ, რომ 77 000 ბავშვის შიმშილობის შესახებ მონაცემები „იუნისეფმა“ სწორედ 2011 წელს გამოაქვეყნა, ეს ციფრები სწორედ მაშინდელ რეალობას ასახავდა და არა დღევანდელს. ასევე 2009 წლის მონაცემებია ყოველწლიურად  300 ბავშვის გარდაცვალება, რომელშიც მე მაშინაც ეჭვი მეპარებოდა. ეს სწორედ ის პერიოდია, როცა მიხეილ სააკაშილი იყო მმართველობაში და დღეს, ეს მიხეილ სააკაშილი  ჩვენ გვაბრალებს მაშინდელ მწარე რეალობას და საზოგადოებას აწვდის ცრუ ინფორმაციას“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან და დასძინა, რომ შიმშილით დღეს ბავშვები არ იღუპებიან.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაციით, დღეს, სიღარიბის მაჩვენებელი რადიკალურად შემცირებულია, თუმცა, მაინც პრობლემად რჩევა. მისივე თქმით, პრობლემაა კვების რაციონის სრულფასოვნება, თუმცა, სიკვდილის ზღვარზე ყოფნას არ ნიშნავს.

„ახალი მეთოდოლოგიით, მსოფლიო ბანკი განიხილავს 3 დონეს, სადაც ერთ-ერთი არის უკიდურესი სიღარიბე, როცა სამომხმარებლო ფასები ერთ სულ მოსახლეზე არის 1.9 დოლარი და უფრო ქვევითაა. 2017 წლის მონაცემებით, 2012 წელთან შედარებით, 2-ჯერ არის გაუმჯობესებული ვითარება. 2011 წელს, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბის მაჩვენებელი 11, 28% იყო; 2017 წლის მერე კი 5,02%.  2015-2016 წლებში 4%-ზე ქვევითაც კი ჩამოვიდა, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა.  არა თუ 4%, 1 ადამიანიც თუ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ისიც საზრუნავია“ – განაცხადა დეპუტატმა.

მან ის პროგრამებიც დაასახელა, რამაც შედეგების გაუმჯობესება მოიტანა და აღნიშნა, რომ ქვეყანა აქამდე თავისთავად არ მისულა.

„ბუნებრივია, რომ ეს მონაცემები თავისით არ შეცვლილა. ეს ვითარება შეცვალა იმ პროგრამებმა, რაც ქვეყანაში მუშაობს. ეს არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა; მშობიარობის დაფინანსების პროგრამა; ორსულთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა; შობადობის წამახალისებელი პროგრამა; მთის კანონი; დეკრეტული შვებულებები; კრიზისულ ბავშვიანი ოჯახების დახმარება; საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა და სხვა“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.    

მან ყურადღება სიცოცხლის ხანგრძლივობაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ, სიცოცხლის ხანგრძლივობა ყოველწლიურად იზრდება.

დეპუტატმა მედიასაც მიმართა და როგორც მეოთხე ხელისუფლებას, სთხოვა და მოუწოდა, მოსახლეობის სწორ ინფორმირებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ.         

მსგავსი თემები