ცოტნე გამსახურდიასთან მეუღლე შეუშვეს – მის დანახვაზე ცოტნე პოზიტიურად რეაგირებს

ცოტნე გამსახურდიასთან პალატაში მისი მეუღლე, ანა ჯაბაური შეუშვეს. სკანდალური განცხადების შემდეგ, კლინიკამ, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი მკურნალობს, აკრძალვა მოხსნა. 

როგორც ანა ჯაბაურის ადვოკატმა, ჯაბა კვარაცხელიამ “მედიაცენტრ მთავართან” ინტერვიუში განაცხადა, მეუღლის დანახვამ ცოტნე გამსახურდიაზე დადებითად იმოქმედა, ამიტომაც მისი თქმით, ექიმები ჯაბაურს პალატაში დიდი ხნით ყოფნის საშუალებას აძლევენ.  

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას დედას, მანანა გამსახურდიას, რომელიც რძალს მეუღლესთან შესვლას უკრძალავდა, ისიც სტამბოლში იმყოფება. 

ჯაბა კვარაცხელია, ანა ჯაბაურის ადვოკატი: როგორც კი გავასაჯაროვეთ წერილი, ჰოსპიტალმა აკრძალვა მოხსნა და ქალბატონი ანა უკვე დადის მეუღლესთან და ნახულობს. ცოტნეზე მეუღლის დანახვამ დადებითად იმოქმედა და ამის გამო, ექიმები მას პალატაში იმაზე დიდხანს ტოვებენ, ვიდრე ეს შესაძლებელია. უკვე მეორე დღეა, რაც ანას ცოტნეს ნახვის შესაძლებლობა აქვს. სამწუხაროდ, შიში გვაქვს, რომ ეს დროებითია. ყოველ შემთხვევაში, იმედიანად არ ვართ, რომ ანა ხანგრძლივად შეძლებს ცოტნესთან ყოფნას. მადლიერები ვართ, რომ ანას ცოტნეს ნახვის პრობლემა მოეხსნა.

“მედიაცენტრი მთავარი”:  ანუ, ამ ეტაპისთვის, ცოტნესთან მეუღლეც იმყოფება და დედაც?

ჯაბა კვარაცხელია: ქალბატონი მანანაც სტამბოლში იმყოფება.

მედიაცენტრი მთავარი”: როცა ანა პალატაში შეუშვეს, მანანა გამსახურდიას წინააღმდეგობა არ გაუწევია?

ჯაბა კვარაცხელია: როდესაც აკრძალვა მოიხსნა, ბუნებრივია, მანანა გამსახურდიას აცნობეს, რომ აღარ არსებოდა იურიდიული წინაღობა, რის მიხედვითაც ანა ჯაბაური ცოტნე გამსახურდიას სანახავად არ დაიშვებოდა. ამის შემდეგ, ქალბატონმა მანანამ პროტესტი გამოხატა და განაცხადა, რომ ის არ მოვიდოდა კლინიკაში

“მედიაცენტრი მთავარი”: ანუ, დღეს, მანანა გამსახურდია ცოტნეს არ ნახულობს?

ჯაბა კვარაცხელია: მას შემდეგ, რაც თქვა, რომ კლინიკაში აღარ მივიდოდა, 2 დღის გასვლის შემდეგ ჰოსპიტალი მივიდა და ითხოვა დაეშვათ. ამ ეტაპისთვის, გვაქვს ასეთი რეალობა. დღის განმავლობაში, ქალბატონი მანანა და ანა ცოტნესთან ყოფნის საათებს გაიყოფენ.

მედიაცენტრი მთავარი”: ქალბატონ მანანასა და ანას შორის უთანხმოება ამოიწურა?

ჯაბა კვარაცხელია: სამწუხაროდ, არა. ქალბატონი მანანა უკმაყოფილებას აცხადებს ანას მიმართ, მაგრამ უკვე არ არსებობს არანაირი სამართლებრივი წინაღობა. ჰოსპიტალმა აღიარა, რომ იურიდიული საფუძვლები არ არსებობს, რომ ანა არ დაუშვან ცოტნესთან. 

“მედიაცენტრი მთავარი”: რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობას, არის თუ არა რაიმე ფორმით კონტაქტური?

ჯაბა კვარაცხელია: ანა ცოტნესთან რომ შევიდა, ცოტნეს პოზიტიური რეაგირება ჰქონდა.

“მედიაცენტრი მთავარი”: რაში გამოიხატება პოზიტიური რეაგირება?

ჯაბა კვარაცხელია: იმაში გამოიხატება, რომ როცა ანამ უთხრა, რაიმე მინიშნება გაეკეთებინა, ცოტნემ ხელი მოუჭირა. ზოგჯერ, მზერასაც იჭერს. ზოგჯერ, კი ტკივილზეც არ რეაგირებს. ზოგ შემთხვევაში კი ფეხის თითებიც აუმოძრავებს. ექიმებმა ანას უფრო დიდხანს იმიტომ დართეს ცოტნესთან შესვლის უფლება, რომ დადებითი დინამიკა დააფიქსირეს. მეუღლის ხმაზე პაციენტისგან პოზიტიური რეაქციები წამოვიდა. 

“მედიაცენტრი მთავარი”: რამ გამოიწვია კონფლიქტი ქალბატონ მანანა გამსახურდიასა და ანა ჯაბაურს შორის, რა იყო მიზეზი, რის გამოც მეუღლეს ცოტნე გამსახურდიასთან არ უშვებდნენ?

ჯაბა კვარაცხელია: 31 დეკემბერს, როდესაც ცოტნე თურქეთში გადაიყვანეს, ქალბატონი ანა იზოლირებაში აღმოჩნდა. მას ცოტნეს მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და არც კლინიკაში უშვებდნენ. რადგანაც პრობლემა სერიოზული იყო, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, ვეცადეთ, ის სამართლებრივი გზებით მოგვეგვარებინა. სასამართლო პროცესებიც გვქონდა, რომლის შესახებაც არავის არაფერი გაუგია. სასამართლოს გადაწყვეტილებაც ვთარგმნეთ და ყველა საჭირო პროცედურა გავიარეთ, რომ ჩვენი სიმართლე დაგვემტკიცებინა. მოკლედ რომ გითხრათ, გახმაურების გარეშე, სამართლებრივი გზებით ვიბრძოდით. სხვა გზა რომ არ დაგვრჩა და შეზღუდვის მიზეზად საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც გამოიკვეთა, იძულებულები გავხდით, ხმამაღლა გვესაუბრა. საბედნიეროდ, აღნიშნულმა გაამართლა და ამ ეტაპისთის, პრობლემა მოხსნილია. 

ცნობისთვის, ანა ჯაბაურის ადვოკატმა, ჯაბა კვარაცხელიამ სკანდალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მანანა გამსახურდიამ ანა ჯაბაური კლინიკიდან გამოაძევა და ცოტნეს პალატასთან მიახლოების უფლებას არ აძლევდა.

მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

https://mcm.ge/მანანა-გამსახურდიას-ცოტ/

მსგავსი თემები