ჩინეთიდან ჩამოსულ საქართველოს ორ მოქალაქეს, არცერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა

საქართველოს ორ მოქალაქეს, რომელიც ჩინეთიდან სამშობლოში სხვადასხვა გზით ჩამოვიდნენ, არცერთი სახის ვირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ორივე მათგანს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ორ ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც შემოვიდნენ ჩინეთიდან სხვადასხვა გზით, ერთმა თავისით მიმართა საავადმყოფოს და ერთი მომატებული ტემპერატურის გამო აეროპორტიდან გადაიყვანეს ინფექციურში, გრიპზე სწრაფი ტესტი ჩაუტარდათ, შედეგი აღმოჩნდა ნეგატიური, ანუ გრიპი არ იყო. გუშინ საღამოსთვის მათი მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი. გუშინვე აუღეს სინჯები მოლეკულური კვლევებისთვის, ლუგარში გასატესტად. ლუგარში ორჯერ მოხდა გატესტვა, რათა დავრწმუნებულიყავით. ჩვენ ვადგენთ 22 ვირუსზე რეაქციას, მათ შორის, ხუთი კორონავირუსის ტიპზე. ასევე მერსიკოვზე, ეს გახლდათ კორონავირუსი, რომელმაც გამოიწვია 2012-ში შუა აღამოსავლეთში ეპიდაფეთქება. პირველი ტესტი იყო ყველაფერზე უარყოფითი, გადამოწმდა მეორედ და დილის მონაცემებით დადასტურდა, რომ არცერთ ვირუსზე დადებითი რეაქცია არ იყო. ჩვენ დღეს არ გვაქვს სუბტიპი კორონავირუსის, რომელიც დღესდღეობით ტრიალებს ჩინეთში, ამის გამო მაინც მათი რნმ გაიგზავნა როტერდამში,  რათა მოხდეს გატესტვა იმ სუბტიპზეც, რათა საბოლოოდ დავრწმუნდეთ, რომ არ გვაქვს საქმე კორონავირუსის იმ სუბტიპთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ კორონავირუსის სუბტიპი სამშაბათს-ოთხშაბათს უკვე გვექნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები