დღეიდან, ჯანდაცვის სპეციალისტები ჩინელებით დასახლებულ ადგილებში საინფორმაციო კამპანიას იწყებენ

  •  

“დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტი დიდი ჩასახლების ადგილებში, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოქალაქეების განსახლება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„დღეიდან იწყება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების ვიზიტები. უკვე აღრიცხული გვაქვს დიდი ჩასახლების ადგილები, სადაც ინტენსიურია ჩინეთის მოსახლეობის დასახლებები. ისინი მუშაობენ აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანზე, რამდენიმე ჰესზე და დღეს უკვე 15:00 საათზე ვიწყებთ გასვლებს. სწორედ ამ მშენებლობებზე ჩავლენ ჩვენი სპეციალისტები და იქ დასაქმებულებს დაურიგდებათ შესაბამისი საინფორმაციო ბუკლეტები, ჩაუტარდებათ გასაუბრება, რას უნდა უფრთხილდნენ და რა სიმპტომები არ უნდა ჰქონდეთ.

ასევე, განემარტებათ, რომ ჩინეთში ყოფნიდან ორი კვირის განმავობაში თუ გამოჩნდა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის უკმარისობა, აუცილებელია გადაუდებლად ექიმის კონსულტაცია და მისი რეფერარი ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მოხდება შესაბამისად დადგენა არის თუ არა დაავადება და მიღებული იქნება გადაწყვეტილება შემდგომი ქმედებებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, მისი თქმით, ჯერჯერობით, კორონავირუსის საეჭვო სიმპტომებიანი არც ერთი ადამიანი არ დაფიქსირებულა.

„რამდენიმე დღეა საქართველოში მიმდინარეობს პრევენციული ღონისძიებები, რომ პროფილაქტიკა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ინფექციის შემოტანის, რადგან ჩინეთთან გვაქვს ინტენსიური მიმოსვლა. თუ გამოჩნდა საეჭვო შემთხვევა, სწრაფად მოხდეს მისი ევაკუირება ოთხიდან ერთ-ერთ ინფექციურ საავადმყოფოში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში. მაქვს ინფორმაცია, რომ გუშინ საზღვარზე შემოვიდა, ჩინეთის დაახლოებით, 144 მოქალაქე სხვადასხვა რეისებით და საქართველოდან გავიდა, დაახლოებით, 110 ადამიანი. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, არც ერთი საეჭვო სიმპტომებიანი ადამიანი არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები