„მთავარია გაირკვეს, რა ტიპის „ქილერთან“ გვაქვს საქმე“ – მალხაზ თოფურია

„ეს არის წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა, იმედი მაქვს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, მთავარია დანაშაულის მოტივი და რა ტიპის „ქილერთან“ გვაქვს საქმე“ –  ეს განცხადება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსმა მალხაზ თოფურიამ „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა.

საუბარია დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობისა და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებულზე, რომელიც დოდო გუგეშაშვილს მალხაზ თოფურიას სახელის გამოყენებით გაეცნო.

როგორც თოფურიამ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, დაკავებულ 1975 წელს დაბადებული ზაზა მურჯიკნელს ის არასდროს შეხვედრია, არ იცნობდა და არც საერთო გადაკვეთის წერტილები ჰქონიათ.

„დაკავებულ პირთან არანაირი შემხებლობა მქონია, არც ვიცნობდი და არც მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ძალოვან უწყებას წარმოვადგენდით, მე სპეცსამსახურებთან და უშიშროებასთან კავშირი არასდროს მქონია. როგორც ვიცი, ის სპეცნაზელი იყო. ვეჭვობ, რომ მას რაიმე შეხება ოდესმე ჰქონოდა თავდაცვის სამინისტროსთან. პიროვნულადაც არასდროს მქონია მასთან გადაკვეთა და ჩემთვის აბსოლუტურად უცხოა“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ „მედიაცენტრ მთავართან“.

რაც შეეხება მისი სახელის გამოყენების მიზეზს, როგორც თოფურიამ გვითხრა, ეს მხოლოდ კონტაქტში შესასვლელად და ნდობის მოსაპოვებლად იქნა გამოყენებული.

„ეს ადამიანი, თითქოს შემთხვევით, გაეცნო დოდოს და გამოიყენა ჩემი და ჩემი მეგობრის სახელები. თითქოს შემთხვევით შეხვდა, უთხრა, რომ იცნო დოდო და ასევე უხსენა, რომ ისიც ვეტერანია, ჩემი მეგობარი და ახლა ჩემთან იყო. ეს, თავიდან ნათქვამი ტყუილი მაფიქრებინებს, რომ ეს მკვლელობა დაგეგმილი იყო და ეს არ ყოფილა შემთხვევით, გაბრაზების ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობა. ეს ადამიანი პირველივე წუთიდან თაღლითობდა“ – აღნიშნა მალხაზ თუფურიამ.

კითხვაზე, დოდო გუგეშაშვილი, თქვენი სახელის ხსენების შემდეგ დაგიკავშირდათ თუ არა და გადაამოწმა თუ არა ინფორმაცია, მალხაზ თოფურიამ გვითხრა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.

„მკვლელმა კონტაქტში შესასვლელად გამოიყენა ისეთი ადამიანების სახელები, რომელზეც ქალბატონი დოდო ვერ ჩაეკითხებოდა და ვერ ჰკითხავდა სად იბრძოდით, როდის, კიდევ ვინ იყვნენ და ა. შ. რადგან, სადაც დოდო იყო ის სხვა უწყება იყო და მე „მხედრიონთან“ კავშირი არასდროს მქონია, თავდაცვაში ვიყავი. სწორედ ამიტომ ახსენა ისეთი ადამიანები, რომელზეც დოდო ვერ ჩაეკითხებოდა. რადგან ვეტერანები ახსენა, დოდო ენდო და შევიდა კონტაქტში, რადგანაც მან თავიდანვე ტყუილი გამოიყენა, ვეჭვობ, რომ მკვლელობას ამზადებდა“ – განაცხადა მალხაზ თოფურიამ „მედიაცენტრ მთავართან“.   

მალხაზ თოფურია მთავარ კითხვაზე პასუხს ელოდება და ამბობს, რომ ახლა უნდა გაირკვეს, რა არის მკვლელობის მოტივი: „დაკავებული ადამიანი არის მკვლელი, საინტერესოა მოტივი – რა მოტივით ჩაიდინა ეს დანაშაული. ეს არის წინასწარ განზრახული მკვლელობა, რომელსაც  უდანაშაულო და უწესიერესი ადამიანი შეეწირა. იმედი მაქვს, გამოძიება ყველაფერს საბოლოო პასუხს გასცემს. არ მეგონა რომ ეს მკვლელობა გაიხსნებოდა. მთავარია გაირკვეს, რა ტიპის „ქილერთან“ გვაქვს საქმე.

მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაშიაუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები