სამთავრობო ცვლილებები ექვს სამინისტროს შეეხება

სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს 3 კვირის ვადაში  უნდა წარუდგინოს 6 სამინისტროს შეეხება. საუბარია 6 სამინისტროს დაწყვილებაზე.

კერძოდ, ამ ეტაპისთვის არსებული ინფორმაციით,  დევნილთა და განსახლების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროს შეერწყმება და ახალი სამთავრობო უწყება ჩამოყალიბდება; მთავრობის რეორგანიზაციის ფარგლებში  განათლების სამინისტრო  კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაერთიანდება;  სასჯელაღსრულების სამინისტრო კი – იუსტიციის სამინისტროსთან.

აღნიშნულის განსახორციელებლად პარლამენტს კანონმდებლობაში ცვლილებები სჭირდება. რომლის მიხედვითაც, არსებული 14 სამინისტროს ნაცვლად 11 სამთავრობო უწყება გვეყოლება და მათი დასახელებაც ახლებურად ჩამოყალიბდება.  

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკი „მთავართან“ საუბრისას აცხადებს, სამინისტროების გაერთიანებით არცერთ მათგანს არაფერი მოაკლდება: „3 კვირაში ველოდებით სახეცვლილ მთავრობას შესაბამის საკადრო ცვლილებებთან ერთად. სამინისტროების გაერთიანება იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმე უწყებას რამე მნიშვნელობა მოაკლდება ან დაკნინდება.“     

 

მსგავსი თემები