“წულუკიანის მიერ წარდგენილი ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებაზე სერიოზული კითხვებია” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ვიდეოზე, რომელიც იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა წარადგინა, უკანონო ვერაფერი დაინახა პირიქით, ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ სერიოზული კითხვებია ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, სახალხო დამცველი დაიწყებს შესწავლას, რატომ იყო ვიდეო ამდენი ხნის განმავლობაში დაარქივებული და პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლის უკანონო მიყურადება ხომ არ ხდებოდა.

„ვერ დავინახე განსკუთრებული პრობლემა. არსებობს სიტუაციები, როდესაც პატიმართან ურთიერთობისთვის შესაძლებელია, საჭირო იყოს მასთან რაღაც ადამიანურ ურთიერთობასა და ნდობაში შესვლა. ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, ჩვენი წარმომადგენლები ამ მიდგომებს ირჩევენ. მე ამ ვიდეოზე უკანონო ვერაფერი ვერ დავინახე, პირიქით, მიმაჩნია რომ სერიოზული კითხვები არის საერთოდ, აღნიშნული ვიდეოს მოპოვებისა და გავრცელების კანონიერებასთან დაკავშირებით, რატომ არის შენახული და დაარქივებული ამდენი თვის განმავლობაში, სულ მცირე, ექვსი თვის განმავლობაში აღნიშნული ვიდეო. სახალხო დამცველი ამ საკითხის, მისი კანონიერების შესწავლას აუცილებლად დაიწყებს და ასევე შევისწავლით, რამდენად ხდებოდა უკანონოდ მიყურადება ან თვალთვალი სახალხო დამცველის წარმომადგენლების მიმართ“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა კომიტეტის სხდომაზე წარადგინა ვიდეო, რომელზეც მისივე თქმით, ჩანს, როგორ იქცევა ომბუდსმენის წარმომადგენელი საკანში მონიტორინგისას და ასევე ვიდეო, რომელზეც პატიმრების მხრიდან ციხის თანამშრომლების მიმართ ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდია ასახული.

მსგავსი თემები