ცვლილებები შესაძლოა დევნილთა სამინისტროსაც შეეხოს – კახა კალაძე სამინისტროების გაერთიანებას ადასტურებს

მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ სამინისტროების გაერთიანებაზე აქტიურად მსჯელობენ. ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება 3 სამინისტროს შერწყმა.

როგორც მედიაცენტრ „მთავარს“ სამთავრობო კულუარებში განუცხადეს, ცვლილებები შესაძლოა დევნილთა და განსახლების სამინისტროსაც შეეხოს და ის რომელიმე სახელმწიფო უწყებაში გაერთიანდეს.

გარდა ამისა, საუბარია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელად ახალი კანდიდატურის შერჩევაზე, რომელიც ამ  თანამდებობაზე აწ უკვე ყოფილ მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს შეცვლის.

თბილისის მერი, მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ სამინისტროების გაერთიანებაზე მუშაობას ადასტურებს. როგორც მან  ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე გუნდი მსჯელობს.

„გიდასტურებთ, რომ გუნდში მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებაზე  მსჯელობა დაწყებულია. ხვალ ან ზეგ ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას, გუნდში მსჯელობა ამაზეც მიმდინარეობს. ესეც ცნობილი იქნება საზოგადოებისთვის“,  – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები