დღეს, საქართველოს სახალხო არტისტის, არიადნა შენგელაიას ვარსკვლავი გაიხსნება

დღეს, საქართველოს სახალხო არტისტს არიადნა შენგელაიას, რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან. როგორც „კულტურის პალატის“ თავმჯდომარემ დავით ოქიტაშვილმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, ვარსკვლავის გახსნა, არტისტის დაბადების დღეს ემთხვევა.

დავით ოქიტაშვილის თქმით, არიადნა შენგელაიას შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს.

ბევრმა არ იცის, რომ ძველი ბერძნული სახელის მატარებელი მსახიობი – არიადნა შენგელაია წლებია თბილისში ცხოვრობს. მაქსიმ გორკის სახელობის კინოსტუდიის მსახიობი, თბილისში მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმსა” და ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თეატრში. რამდენიმე წელი თბილისის თეატრალურ უნივერსიტეტშიც, ახალგაზრდებს სამსახიობო ხელოვნებას ასწავლიდა. გრიბოედოვის თეატრის სცენაზე, აქტიურად მონაწილეობდა სპექტაკლებში: “ცეზარი და კლეოპატრა”, “ანა ფრანკის დღიური”, “სამი მუშკეტერი” და სხვა.

ქართველ მაყურებელს განსაკუთრებულად უყვარს ელდარ შენგელიას ფილმი ” შერეკილები”, სადაც მთავარ როლს რეჟისორის იმჟამინდელი მეუღლე, მსახიობი არიადნა შენგელაია ასრულებს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმში ერთადერთი ქალი პერსონაჟი სწორედ არიადნა შენგელაიას გმირი – მარგალიტა ამყოლაძეა.

ვიდრე შერეკილებში გადაიღებდნენ მას საბჭოთა კავშირის მასშტაბით უკვე უამრავი როლი ჰქონდა შესრულებული. ის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზი საბჭოთა მსახიობად მიიჩნეოდა.

არიადნა შენგელაია 1937 წელს ტაშკენტში დაიბადა. მამამისი წარმოშობით გერმანელი რუსი გახლდათ, რომელსაც გერმანული წარმომავლობის გამო საფრთხე ემუქრებოდა და მათი ოჯახი ტაშკენტში გადასახლდა. სწორედ მაშინ დაიბადა არიადნა. რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ტაშკენტიდან მოსკოვში დაბრუნდნენ.

სამსახიობო განათლება არიადნამ მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში მიიღო. სწორედ ინსტიტუტიდან იღებდნენ მას ფილმებში, ითამაშა ისეთი როლები, რომლებზეც ყველა დროის უამრავი მსახიობი ოცნებობს და ოცნებობდა.გამორჩეულია – ტატიანა ლარინა ფილმიდან “ევგენი ონეგინი” და სხვა.

მსგავსი თემები