ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო. ე.წ. არჩევნები კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვადაში უნდა დაინიშნოს. რუსული მედიის ინფორმაციით, ეს ვადა ორიდან სამ თვემდეა.

ე.წ. პრეზიდენტის პრესსამსახური აცხადებს, რომ „საკასაციო სასამართლომ“ განმეორებითი „არჩევნების“ დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით, არეულობის ფონზე მიიღო.

„გადაწყვეტილების მიღება ხდებოდა სამთავრობო შენობების დარბევის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკავებისა და უზენაესი სასამართლოს შენობის ფაქტობრივად, ალყაში მოქცევის პირობებში. ასეთი ზეწოლის გათვალისწინებით, ვერ ვისაუბრებთ იმაზე, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს ჰქონდა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების პირობები. მხოლოდ უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმის მიერ საჩივრის განხილვა ზედამხედველობის წესით, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ვითარების ნორმალიზაციას სამართლებრივი ჩარჩოების ფარგლებში“, – ნათქვამია რაულ ხაჯიმბას პრესსამსახურის განცხადებაში.

ოპოზიციონერი, „პრეზიდენტობის“ კანდიდატი ალხაზ კვიწინია კი სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია. თუმცა, ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მოსალოდნელ არჩევნებში მონაწილეობას. მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელმა შემადგენლობამ დაადასტურა, რომ აფხაზეთში ყველა მოსამართლე არ არის ანგაჟირებული.

ოკუპირებულ აფხაზეთში უკვე ორი დღეა, დაძაბული ვითარებაა. ოპოზიციის მომხრეებს, რომლებიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა აქვთ დაკავებული. 

მსგავსი თემები