ფაროსანასთან ბრძოლაში მოსახლეობაც ჩაერთვება – როგორ განაწილდება 45 მილიონი ლარი

სახელმწიფო, მავნებლის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აღნიშნული და გავრცელებული სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებები 45 მილიონი ლარით ფინანსდება. რა მიმართულებით დაიხარჯება აღნიშნული თანხა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი ხანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

ხანიშვილის ინფორმაციით, 2019 წლის, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ბიუჯეტი – 45 მლნ ლარი, რამდენიმე ძირითადი კომპონენტისგან შედგება. უპირველესი კი იმ პროგრამის დაფინანსებაა, რომელიც მთავრობამ მიიღო.

„შექმნილია სამთავრობო კომისია, რომლის პირველი სხდომა მიმდინარე წელს უკვე ჩატარდა. ამ კომისიის მიერ დამტკიცებული პროგრამა მოიცავს ღონისძიებათა 4 სპექტრს: უპირველესი არის საზოგადოებასთან მუშაობა, მათთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ როგორ და რა გზებით ებრძოლონ აზიურ ფაროსანას;

მეორე – მონიტორინგის სისტემის შექმნა, რომლის საფუძველზეც გამოვლინდება თუ სად, როგორი მასშტაბის სამუშაოებია ჩასატარებელი, როგორია აზიური ფაროსანას კონცენტრაცია, მისი გავრცელების არეალი, წლის რომელი პერიოდიდან იწყება ზუსტად მისი გამოსვლა, გამრავლება;

მესამე – გამოვლენილის საფუძველზე იმ ბრძოლის წარმოება, რომელიც სჭირდება აზიური ფაროსანას განადგურებას. რომელსაც 2 უმნიშვნელოვანესი სეგმენტი აქვს. პირველია მოსახლეობის ჩართვა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, იმიტომ, რომ ეს არ არის ის კომპონენტი, რომელიც მხოლოდ სახელმწიფომ შეიძლება გააკეთოს და მეორე – სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელიც ვრცელდება სახელმწიფო ტერიტორიებზე – სოფლები, ქალაქები, საყოველთაო თავშეყრის ადგილები; ​

მეოთხე კომპონენტი არის მეცნიერება. საქართველოს სამეცნიერო პოტენციალი ფაროსანასთან ბრძოლისთვის ფაქტობრივად მომზადებული არ იყო. იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც მივიღეთ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის და ევროკავშირის მიერ შერჩეული ექსპერტებისგან, პრაქტიკულად დაიწყო ქვეყანაში სამეცნიერო პოტენციალის შექმნა.

ჩვენი ლაბორატორია იქნება შვეიცარიის ლაბორატორიის ანალოგი იქნება, აპარატურის ძირითადი ნაწილი შეძენილია, თუმცა დარჩენილია მეორე ნაწილის შეძენა, რომელიც ასევე სამეცნიერო კვლევებზე დაიხარჯება“ – აღნიშნა „მედიაცენტრ მთავარში“ მინისტრის მოადგილემ.

რაც შეეხება სამთავრობო კომისიას, მის შემადგენლობაში არიან: კომისიის ხელმძღვანელი – სოზარ სუბარი; ვიცე-პრემიერები; მინისტრები; პარლამენტის კომიტეტების წევრები; მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები. კომისიის პირველი სხდომა მიმდინარე წელს უკვე გაიმართა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით.

მსგავსი თემები