“ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს” – მეუფე ნიკოლოზი დეკანოზზე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხს გამოეხმაურა.

მიტროპოლიტის თქმით, მამა გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, შესაბამისად არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს.

„პრეზიდენტმა ძალიან ბევრი საინტერესო რაღაც თქვა თავის სიტყვაში და მათ შორის ძალიან საინტერესოდ თქვა სიტყვა შეწყალება. საეკლესიო გაგებით, ქრისტიანული აზრით არის სხვა შინაარსის და იურისპუდენციაში შეწყალება სხვა შინაარსის მატარებელია. ასე რომ, ღმერთმა შეიწყალოს ყველა ცოდვილი ადამიანი. ყველას გვჭირდება შეწყალება. არ თქვას ვინმემ, რომ რაიმე ცოდვას არ ჩაიდენს. ყველას შეიძლება ეს დაემართოს.

შეწყალება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დანაშაული ჩადენილი აქვს და ამას აღიარებს. ადამიანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, არ შეიძლება შეწყალებას ითხოვდეს. თუ ადამიანი შეწყალებას ითხოვს, ე.ი. ბრალს აღიარებს. უნდა გავარკვიოთ, ბრალი რაში ედება და ამის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ“,- აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ხუთი მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.


მსგავსი თემები