“მთავარი პროკურორის უნდა ეშინოდეთ ქურდებს, ყაჩაღებსა და მატყუარა პოლიტიკოსებს” – ზაქარია ქუცნაშვილი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ ახალი მთავარი პროკურორი უნდა იყოს პრინციპული და შეუვალი ადამიანი, მისი უნდა ეშინოდეთ ქურდებს, ყაჩაღებსა და მატყუარა პოლიტიკოსებს, ხოლო მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ მთავარი პროკურორი იქნება შეუვალი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო არის მეგობრებისა და ნათესავების სამშობლო და აქ რთულია იყო მთავარი სისხლის სამართლის დევნის ორგანოს ხელმძღვანელი.

“სამართლებრივი დევნის დაწყებისა და დამთავრების უფლება საქართველოში მხოლოდ პროკურატურას აქვს, თუმცა ამ უფლებების აღსრულება იმ მემკვიდრეობით, რაც წინა ხელისუფლებისგან გვაქვს ადვილი არ არის. გამოსაძიებელია ბევრი საქმე, ზოგიერთი საქმის მიმართ ძალიან ბევრი კითხვები არსებობს, თუ როგორ იყო გამოძიებული. ​საქართველოს პროკურორმა სამართლის გარდა უნდა იცოდეს ქვეყნის ტრადიციები, რაც ჩვენს სახელმწიფოს ახასიათებს. ის რაც ქვემო ქართლში მიღებულია, შესაძლოა ქართლისთვის მიუღებელი იყოს, ან რასაც სამეგრელოში და იმერეთში  შეხვდებით, იმას ქვეყნის სხვა კუთხეში ვერ შეხვდეთ. უამრავი ნიუანსია, რაც უნდა იცოდეს პროკურორმა დანაშაულის წიანაღმდეგ ბრძოლისას”, – აცხადებს დეპუტატი.

მსგავსი თემები