თამაზ მეჭიაურმა საკუთარ თავს, საახალწლოდ, პრემია გამოუწერა – მუნიციპალიტეტმა ჯამში 36 250 ლარი ჯილდოს სახით გასცა

თიანეთის მერმა თამაზ მეჭიაურმა, თავისივე ბრძანებით, საკუთარ თავს, ახალი წლის დადგომამდე 10 დღით ადრე, საახალწლო პრემია გამოუწერა.

როგორც შესაბამის დოკუმენტაციაშია აღნიშნული, თიანეთის მერი ფულადი ჯილდოს სახით, 2600 ლარს მიიღებს. ფულადი პრემიით დაჯილდოვდება ასევე, აპარატის ყველა თანამშრომელი. პრემიის საერთო რაოდენობა ჯამში, 36 250 ლარს შეადგენს. მათ შორის: თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ იარაჯული და მერის მოადგილე მარინა ხარხელაური – 1500-1500 ლარით დაჯილდოვდებიან, დანარჩენები თანამშრომლები კი, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი თანხის ოდენობით, 550-დან 1200 ლარამდე პრემიას მიიღებენ.

„თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე და პროფესიულ საჯარო მოხელეებზე გაიცეს ფულადი ჯილდო ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, დანართი #1-ის შესაბამისად“- ვკითხულობთ დოკუმენტში.

კონკრეტულად რა დამსახურებისთვის დაისაჩუქრა თავი თამაზ მეჭიაურმა, უცნობია, თუმცა, ცნობილია „საქართველოს კანონი შრომის ანაზღაურების შესახებ“, სადაც გარკვევით წერია, რომ:

“მუხლი 21. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის ფულადი ჯილდო

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირსა და პოლიტიკური თანამდებობის პირს ფულადი ჯილდო არ ეძლევათ”.

მერი და მისი პირველი მოადგილე კი, მოგეხსენებათ, პოლიტიკური თანამდებობის პირებს წარმოადგენენ.

მსგავსი თემები