“პატრიოტთა ალიანსის” შრომამ შედეგი გამოიღო, ამიტომ გაათავისუფლეს ვაჟა გაფრინდაშვილი” – ირმა ინაშვილი

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაზე პირველი კომენტარი პოლიტიკოსებმა გორში გააკეთეს, ისინი ექიმს პოლიციის შენობასთან ელოდებოდნენ.

“პატრიოტთა ალიანსმა”, ფაქტი საკუთარ მიღწევად გამოაცხადა. ხელისუფლება კი განმარტავს, რომ ტყვეობიდან ქართველი ექიმის გამოსახსნელად ყველა შესაბამისი უწყება კოორდინირებულად მუშაობდა. 

“დღეს, რუსული მხარის შუამდგომლობის შედეგად მოხდა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება, “პატრიოტთა ალიანსს”, მე და დავით-თარხან მოურავს გვქონდა ინფორმაცია, რომ გამოიღო ნაყოფი ჩვენმა შრომამ და ის სწორედ ამის გათვალისწინებით გაათავისუფლეს,” – განაცხადა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა, ირმა ინაშვილმა. 

მანამდე ირმა ინაშვილი ერგნეთის გამშვები პუნქტიდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო, სადაც ვაჟა გაფრინდაშვილს დახვდნენ.

„საერთოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ურთიერთდაფასება და უნდა ვისწავლოთ სიმართლის ხმამაღლა თქმა. მე ამას ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობ. ხელისუფლება ვეღარაფერს აკეთებდა. კი მუშაობდა, მიმართა მთელ მსოფლიოს, გააქტიურა მისი კონტაქტები, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას აღარ ჰქონდა ინფორმაცია არავითარი, რომ დღეს გაათვისუფლებდნენ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს. ამიტომ, ხომ უნდა ვთქვათ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ძალისხმევა იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება შემდგარიყო. დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, მთელი ღამე არ მეძინა იმიტომ, რომ ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მსგავსი თემები