ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი “გალერია თბილისს” $130 მილიონად ყიდის

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი “გალერია თბილისის” გაყიდვას გეგმავს. პროექტები, რომელთა გაყიდვასაც ფონდი უახლოეს მომავალში აპირებს, არის: გალერია თბილისი და სასტუმრო “პარაგრაფი” შეკვეთილში. ოდნავ მოგვიანებით, 2022 -2023 წლისთვის კი, “აქსის თაუერსი”, რომლის წილის 39%-ს ფონდი ფლობს.

“გალერია თბილისის” პროექტს, რომელიც პრაქტიკულად, დასრულებულია და თითქმის 100%-ით არის დატვირთული, თანაინვესტირების ფონდი 130 მილიონ დოლარად აფასებს.

ფონდის ხელმძღვანელი ცოტნე ებრალიძე ამბობს, რომ დაინტერესებული ინვესტორები უკვე არსებობენ, რომელთა შორისაც არიან როგორც ადგილობრივი, ასევე – უცხოური კომპანიები.

“წელს ამ პროექტისთვის ძალიან კარგი წელი იყო, ბევრ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწიეთ. დასრულდა სასტუმროს მშენებლობა და მაისში გაიხსნა კიდეც. ასევე ივლისიდან გაიხსნა ერთ-ერთი საოფისე სივრცეც. სავაჭრო ცენტრი გავიდა 100%-იან დატვირთულობაზე. მომავალ წელს კიდევ ერთი საოფისე სივრცე შევა ექსპლოატაციაში და ამით პროექტი მთავრება, შესაბამისად, ჩვენ დავიწყეთ აქტიური მოლაპარაკებები ამ პროექტიდან გამოსვლასთან დაკავშირებით. გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ინვესტორებთან. კონკრეტულად მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ არიან ადგილობრივებიც, არიან უცხოელებიც”,- აცხადებს ცოტნე ებრალიძე.

პროექტიდან გამოსვლა ბიძინა ივანიშვილის კომპანიას სასტუმრო “პარაგრაფიდანაც” სურს. მისი ფასი, ამ შემთხვევაში, 60 მილიონი დოლარია.

“თავის დროზე ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა მზაობა, რომ ამ პროექტებს ნებისმიერ მსურველს დაუთმობდა თვითღირებულებით, ცოტა ხნის წინ კი უპრეცედენტო წინადადებაც გააკეთა, რომ ნახევარ ფასში დათმობს მათ. აქაც არის დაინტერესება, რამდენიმე ინვესტორს ველაპარაკებით და ვნახოთ, როგორ გაგრძელდება”,- აღნიშნა ცოტნე ებრალიძემ.

“აქსის თაუერის” შემთხვევაში კი, რომელიც ნაწილობრივ გახსნილია და თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს, პროექტიდან გამოსვლა ორ ეტაპად მოხდება.

“დაიფარება თანაინვესტირების ფონდის მიერ “აქსის თაუერისთვის” მიცემული სესხი და ამის მერე რაღაც პერიოდი დავრჩებით “აქსისის” მეწილეებად. ვვარაუდობთ, რომ 2022-2023 წლისთვის გავყიდოთ ინვესტორებზე და გამოვიდეთ”, – აღნიშნავს ცოტნე ებრალიძე.

თანაინვესტირების ფონდი და მისი ქოლგის ქვეშ არსებული ტურიზმის განვითარების ფონდი, საქართველოსთვის, ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოელი ინვესტორია. კომპანია, რომლის საკუთრებაშიც, პანამაში მდებარე თანაინვესტირების ფონდია, ოფშორულ ზონაშია რეგისტრირებული და ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. 2013 წლიდან ფონდმა რამდენიმე მსხვილი პროექტი განახორციელა, თუმცა ამჯერად, რამდენიმე პროექტიდან გასვლას ფიქრობენ.

მსგავსი თემები