ოკუპირებული ცხინვალის ე.წ პრეზიდენტი ჩორჩანაში ქართული საგუშაგოების აღებას ითხოვს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ პრეზიდენტი
ანატოლი ბიბილოვი, სოფელ ჩორჩანაში ქართული საგუშაგოების აღებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აცხადებს, რომ ახალგორის მოსახლეობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ვერასდროს გადავა. ეს განცხადება ბიბილოვმა ახალგორში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

დეფაქტო პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ადგილობრივებმა საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართონ. ბიბილოვის ულტიმატუმს მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა. მათმა ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

“როგორც პრეზიდენტს მომმართავთ, რომ გზები მე ჩავკეტე, მაგრამ ეს არასწორია, პრობლემა ვერ მოგვარდება ჩემს მიერ, ან სამხრეთ ოსეთში. თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საქართველოს ხელისუფლებას და გზის ჩაკეტვისა და მათი უაზრო პროვოკაციული ქმედებების გამო უკმაყოფილება გამოთქვათ, რადგან მათ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათავსეს არალეგალური პოსტი, სთხოვეთ შეცვალონ თავიანთი პოლიტიკა სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა მიმართ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვართ ერთი ქვეყნის მოქალაქეები,რომელსაც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ჰქვია, როდესაც ერთ რაიონში გვაქვს პრობლემა, ეს ეხება მთელი რესპუბლიკის მოსახლეობას, თუ მტრული მოქმედებები ეხება ერთი ტერიტორიის მცხოვრებლებს , მაშინ ეს ეხება ყველას. არ შეიძლება ახალგორის მოსახლეობის ფასეულობები მხოლოდ მათ კომფორტზე იყოს კონცენტრირებული, მაშინ როდესაც წნელისის მოსახლეობას ქართული საგუშაგოების მახლობლად იარაღის ლულა მიშვერილს უწევს ცხოვრება. ჩვენ ერთი ვართ და ერთად უნდა ვიბრძოლო მტრის წინააღმდეგ,”-განაცხადა ბიბილოვმა.

მსგავსი თემები