ილია ჯიშკარიანის ადვოკატი გამომძიებლებს საქმის მთავარი მტკიცებულების გაყალბებაში ადანაშაულებს

საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმეზე, პირველი სასამართლო სხდომა გაიმართა. საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, შესავალი სიტყვას ბრალდებულიც ესწრებოდა. 

თამთა თოდაძე პროცესს არ დასწრებია, მისმა ადვოკატმა კი დააყენა შუამდგომლობა, რომ სასამართლო სხდომები არ დაიხუროს და საჯარო დარჩეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.

ჯიშკარიანის ადვოკატი გამომძიებლებს საქმის მთავარი მტკიცებულების, ჩვენებების გაყალბებაში ადანაშაულებს. კერძოდ, საუბარია თამთა თოდაძის და მისი დედის მიერ, შემთხვევასთან დაკავშირებით მიცემულ ჩვენებაზე. მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, ლინგვისტიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, თამთა თოდაძის და დედის ჩვენება იდენტურია.

“აღნიშული ექსპერტიზა არის პირდაპირი პასუხი იმისა, რომ ერთი პირის მიერ არის შესრულებული თამთა თოდაძის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და მასთან ერთად დედის მიერ მიცემული ჩვენება, რომელიც არაპირდაპირი მოწმეა. ცნობილია, რომ ბრალდების დადგენილება დაეყრდნო ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას – თამთა თოდაძის ჩვენებას, რომელიც მან გამოძიებას მისცა.

აღნიშნული ჩვენება გახლავთ არასარწმუნო, პირდაპირ წერია დასკვნაში, რომ კოპირების გზით არის შესრულებული ერთი ადამიანის მიერ, ანუ გამომძიებელი უთითებდა, გამომძიებელმა დაწერა აღნიშნული, მას არ მოუსმენია თამთასთვის, განავრცო, სამართლებრივად დაასაბუთა, დაამძიმა და აქედან გამომდინარე წარუდგინეს ილია ჯიშკარიანს ბრალი,“ – აცხადებს მარიამ კუბლაშვილი.

თამთა თოდაძის ადვოკატის განცხადებით კი, მარიამ კუბლაშვილის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, ლინგვისტიკური ექსპერტიზის შესახებ, საქმის არსს არ ცვლის. თამარ ლუკავას თქმით, ერთი ოჯახის წევრების ჩვენებები, ძირითად შემთხვევაში, ერთმანეთს ემთხვევა. 

“შემიძლია გითხრათ, რომ არა ერთი ლინგვისტური ექსპერტიზა დამინიშნავს სხვა საქმეებში და დედის და შვილის ჩვენებები ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა ხოლმე, იმიტომ, რომ ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ, მათ აქვთ ერთმანეთთან კომუნიკაცია და წინადადებები და სიტყვები ხშირად, ერთი ოჯახის წევრების არის მსგავსი. არ ცვლის არანაირად ეს მტკიცებულება საქმის არსს,” – განაცხადა თამარ ლუკავამ.

მსგავსი თემები