“როდესაც ლუკა კაბინეტიდან გამოვიდა, მოითხოვა სასწრაფო, ტიროდა, შემდეგ დაიწყო აღიარება”-გარდაცვლილი მოზარდის ძმა

“მესამე პიროვნებას, კაბინეტში ჩემი ძმა დაახლოებით 5 წუთამდე ჰყავდა. როდესაც კაბინეტიდან გამოვიდა ლუკა, მოითხოვა სასწრაფო და ტიროდა,“ – ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბექა სირაძის თქმით, ლუკა თავის ყოფილ სკოლელ გოგონასთან დააპირისპირეს, რომელიც ვერ ადასტურებდა, რომ ეს მან ჩაიდინა:

“მესამე პიროვნებას, კაბინეტში ჩემი ძმა დაახლოებით 5 წუთამდე ჰყავდა. როდესაც კაბინეტიდან გამოვიდა ლუკა, მოითხოვა სასწრაფო და ტიროდა. ამის შემდეგ დაიწყო აღიარება. როგორც ვიცი, პირისპირ თუ გვერდიგვერდ დასვეს ლუკა და მისი სკოლელი გოგონა. იდეა ის იყო, რომ ამ გოგონას ეუბნებოდნენ ხომ ნამდვილად ლუკა იყოო. დედაც იქ იყო ამ პერიოდში ეს რომ ხდებოდა, როდესაც დააპირისპირეს. ის ბავშვი ამბობდა, რომ არ ვიცი, არ მინახავს და როგორ გიპასუხოთო.

რაც შეეხება სქრინ-შოტებს, ლუკას ტელეფონიდან ვერაფერს ამოიღებდნენ იმიტომ, რომ მას სმარტფონი არ ჰქონდა. ჰქონდა ფარნიანი ნოკია. ეს სქრინ-შოტები სკოლის ბავშვებს გამოართვეს და როგორ გამოართვეს და რანაირად ამოიღეს, არ ვიცი,”- განაცხადა ბექა სირაძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

მსგავსი თემები