„ღორის გრიპი“ თბილისში, საჯარო სკოლაშიც დაფიქსირდა

თბილისის 161-ე საჯარო სკოლაში H1N1, ე.წ. ღორის გრიპი დაფიქსირდა. ბავშვი, რომელსაც ვირუსი აღმოაჩნდა, მეექვსე კლასელია. როგორც სკოლის ადმინისტრაციაში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადეს, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

“გიდასტურებთ, რომ ერთ-ერთი მოსწავლეს აღმოაჩნდა H1N1, ფაქტი დაახლოებით 5-6 დღის უკან მოხდა. ჩვენ მივმართეთ შესაბამისს სამსახურს, რომელმაც სადეზიფექციო სამუშაოები ჩაატარა. მომხდარის გამო, სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, რადგან ყველა შესაბამისი ზომა გატარებულია და სკოლა დამუშავდა“ – აღნიშნა მიშა მინდაძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

„მედიაცენტრ მთავარმა“ აღნიშნული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრშიც გადაამოწმა. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა, სკოლებში, ამ პერიოდში საჭიროა სველი წესით დამუშავება.

„გრიპის ვირუსები უკვე ცირკულირებს ქვეყანაში, თუმცა წამყვანი ჯერ არ არის. H1N1. მისი წილი მხოლოდ 10% ია. 3-ჯერ მეტია B ტიპის, “ვიქტორიას ხაზის” გრიპის ვირუსი. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ვირუსია გამომწვევი. საჭიროა დროული მიმართვა ექიმთან, რათა თავიდან ავიცილოთ გართულებები. რაც შეეხება სკოლებს,  ამ პერიოდში, საჭიროა, სველი წესით დალაგება და შეძლებისდაგვარად ხშირი განიავება. ავადმყოფები უნდა დარჩნენ სახლში“, – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები