“ეკლესია ცდილობს, შევიდეს სკოლებში, გაწერილია პროგრამაც, თუმცა, ამ ეტაპამდე ვერ ხერხდება” – დეკანოზი “მედიაცენტრ მთავარში”

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სუიციდის შედეგად დაღუპული ახალგაზრდების ოჯახებს თანაუგრძნობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ თითოეული მათგანის ტრაგედია სრულიად ერისა და ქვეყნის ტრაგედიაა. ამის შესახებ დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი განმარტებით, დროა, მსგავს ტრაგედიებში საკუთარი როლი თითოეულმა ადამიანმა გააცნობიეროს:

“ეს არ არის ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს არის ერის ტრაგედია. ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი ვინმესთვის ჭკუის სწავლება, დამნაშავის ძიება და კედელზე წარწერის განხილვა კი არ არის, ჩვენი გვაინტერესებს, იმ წარწერის მიღმა რა იმალებოდა, ჩვენ აუცილებლად უნდა მივხვდეთ, სად და როდის დაიწყო პრობლემა. ყველამ ერთად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი როლი ამ ტრაგედიაში, როგორც სკოლამ, ასევე სახელმწიფომ, მედიამ, ეკლესიამ… როცა ეს პროცესი დაიწყება, მერწმუნეთ საზოგადოების ყველა ფენა დაინახავს თავის რაღაც წვლილს ამ ტრაგედიაში,”- განაცხადა დეკანოზმა.

როგორც მამა გურამმა აღნიშნა, ეკლესია ცდილობს, ახალგაზრდებს მეტად დაუახლოვდეს და ამისთვის მათ პროექტიც კი შეიმუშავეს, თუმცა მის განხორციელებაში სახელმწიფო სტრუქტურების დახმარება სჭირდებათ:

“ეკლესია ძალიან ცდილობს და საპატრიარქოს ოფიციალური პოზიციაც ეს არის, რომ სკოლებში, რაღაც სახის შემხებლობა ჰქონდეთ ბავშვებთან სასულიერო პირებს. ჩვენ, უკვე წლებია, შევიმუშავეთ პროექტი, რომლის შესაბამისადაც, იმ 10 დღესასწაულზე, რომელიც არის სახელმწიფოს მიერ აღიარებული, როგორც დასვენების დღე, შევიდეთ სკოლებში. ვის, თუ არა სასულიერო პირს, ევალება, ახსნას ეს საეკლესიო დღესასწაულები, აუხსნას მათი მნიშვნელობა ახალგაზრდებს!

მაქსიმალურად ვეცადეთ, ამისათვის სათანადო განათლებისა და გამოცდილების მქონე სასულერო პირები შეგვერჩია. 30-მდე სასულიერო პირს გავატარეთ შესაბამისი ტრენინგები, რომ ახალგაზრდებთან კომპეტენტურად შევსულიყავით. ეს ის პროცესია, რასაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ეკლესია, დღევანდელი რთული რეალობის გათვალისწინებით, მაქსიმალური მზაობით, შესაბამისი ცოდნია და პროფესიონალიზმით, ვუდგებით ამ საკითხს, მაგრამ ამის განხორციელებას სახელმწიფო სტრუქტურებისგან მხარდაჭერა სჭირდებოდა, რაც აქამდე, სამწუხაროდ ვერ მივიღეთ და პროცესი იმდენად გაიწელა, რომ რამდენიმე მინისტრიც კი შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში, ანუ ეს არის ბარიერი, რომელიც ჩვენ ჯერჯერობით ვერ გადავლახეთ, თუმცა ბოლო ეტაპზე, საკმაოდ ინტენსიურად წავიდა მუშაობა, და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე იქნება შედეგი, – განაცხადა დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები