“ლუკა სირაძის გამოკითხვა 6 საათი მიმდინარეობდა” – სახელმწიფო ინსპექტორი გამოძიების დეტალებზე

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ გამოძიების შედეგები წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, დასტურდება, რომ არასრულწლოვნის გამოკითხვისას დაირღვა მისი უფლებები და ასევე გამომძიებლის მხრიდან იყო მუქარაც.

“დასტურდება შემდეგი გარემოებები – 2019 წლის 10 დეკემბერს “მწვანე სკოლის” ადმინისტრაციამ აღმოაჩინა, რომ სკოლის შენობა მოხატული იყო და გაკეთებული იყო წარწერები, პირის იდენტიფიცირების მიზნით სკოლის ადმინისტრაციამ დაათვალიერა კამერები, ასევე, ამავე მიზნით დაიწყო ბავშვების გამოკითხვა ჯგუფურად და ჩანაწერზე აღბეჭდილი სურათის წარდგენა და პარალელურ რეჟიმში გამოძახებული იქნა პოლიცია. პოლიციის მისვლამდე ბავშვებთან კომუნიკაცია ჰქონდა სკოლის ადმინისტრაციას, სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას გადასცა ჩანაწერები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ასევე არასრულწლოვანთა კომუნიკაციის ამსახველი ჩანაწერები.

ამის შემდეგ 187-ე მუხლით, (სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება) იწყება გამოძიება, რომელიც ეწერება გამომძიებელ მ.ჩ.-ს,  დაიწყო მოწმეთა დაბარება, რომელთა შორის იყო ლ.ს. ის მშობელთან ერთად პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდა 17 საათზე, არასრულწლოვანთან გასაუბრება ექვსსაათნახევარი მიმდინარეობდა და გაგრძელდა ღამის 12-ის ნახევრამდე. ვინაიდან პოლიციის განყოფილებაში არ არსებობს არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი სპეციალური ოთახები, გამოკითხვა მიმდინარეობდა ერთიან სივრცეში, სადაც იმყოფებოდნენ სხვა თანამშრომლები.

გამომძიებელმა მ.ჩ-მ უთხრა ლ.ს-ს, რომ არაღიარების შემთხვევაში მის ძმას შეექმნებოდა სასწავლებელში პრობლემები. დაუპირისპირა სხვა მოწმეები, რომელთა შორის იყო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ასევე სხვა არასრულწლოვნები, არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების წესებით და პრინციპებით, არასრულწლოვნებმა განიცადეს ძლიერი სტრესი. ჩვენს მიერ გამოკითხვაზე იქნა დაბარებული მ.ჩ და გამოკითხვის შემდეგ მიღებული იქნა დაკავების გადაწყვეტილება,” – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მსგავსი თემები