“ეს სასახლე და მასში განთავსებული ავეჯი ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საერთო საგანძურია“ – სალომე ზურაბიშვილი

“ეს სასახლე და მასში განთავსებული ოჯახებში მოძიებული ავეჯი, ნახატები და სხვა ექსპონატები არც ჩემი და არც რომელიმე ხელისუფლების საკუთრება არ არის, ეს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საერთო საგანძურია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანებს სასახლეში „ელჩების კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების ოჯახსა და სასახლეზე ისაუბრა.

„სწორედ ეს ტრადიცია გვაძლევს დღეს ამ შეხვედრის საშუალებას. მიხარია ისიც, რომ მაქვს დიდი პატივი, გიმასპინძლოთ დღეს გაცოცხლებულ ორბელიანების სასახლეში, რომელსაც, თუ ინებებთ, დაათვალიერებთ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული მეხსიერების განუყოფელი ნაწილი. ჩვენს ტრადიციებს ინახავს ეს სასახლე. აქ ცხოვრობდა ერთ-ერთი გამოჩენილი და უკანასკნელი არისტოკრატიული ოჯახი ორბელიანებისა, ოჯახი, რომელიც ჩართული იყო საქართველოს დამოუკიდებლობისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევაში, ეს იქნებოდა უნივერსიტეტის დაარსება, თუ სხვა კულტურული ღონისძიებები, პირველ რიგში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანი ფრანგულად და ინგლისურად. ის იყო ხიდი ქართულ და ევროპულ კულტურებს შორის. მათი განდევნა ამ სასახლიდან და ოჯახის უფროსის დახვრეტა ჩვენი დამოუკიდებლობის გაუქმებას მოჰყვა. შემდეგ  ამ სასახლეში განთავსდა საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისტული ორგანიზაცია, რომელიც ემიგრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვებას ემსახურებოდა და ემიგრაციაში დამოუკიდებლობის იდეის მოსპობას ცდილობდა. ეს მცდელობა ამაო იყო, რადგან მესამე პერიოდი სწორედ დამოუკიდებლობის აღდგენას უკავშირდება, როცა აქ დაფუძნდა შეერთებული შტატების პირველი საელჩო საქართველოში და დაიწყო ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშიანაო კურსის ახალი ეტაპი. ეს სასახლე და მასში განთავსებული ოჯახებში მოძიებული ავეჯი, ნახატები და სხვა ექსპონატები არც ჩემი და არც რომელიმე ხელისუფლების საკუთრება არ არის, ეს ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის საერთო საგანძურია“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები