28 ნოემბრის შემდეგ, დატყვევებული ექიმის მონახულებას ვერც „წითელი ჯვარი“ ახერხებს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ვაჟა ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ბოლოს, მისი მონახულება 28 ნოემბერს „წითელმა ჯვარმა“ მოახერხა. ამის შემდეგ კი ვერც საერთაშორისო ორგანიზაცია ახერხებს საოკუპაციო რეჟიმის ციხეში შესვლას.

როგორც ვაჟა ექიმის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არც ის იცის, როგორ გამოიყურება ვაჟა ექიმი.

„წითელი ჯვარი“ ერთადერთი არხია, რომელმაც შეძლო მისი მონახულება. საერთაშორისო „წითელმა ჯვარმა“ სულ ორჯერ მოინახულა ექიმი. არ აკლებენ მცდელობას, მაგრამ რაღაც პრობლემები არის ან მათ მუშაობაში, ან იქ, ადგილზე. შედეგი არის ის, რომ მხოლოდ 2-ჯერ არის მონახულებული პატიმარი. 28 ნოემბრის მერე ვეღარ მოხერხდა მისი მონახულება. მხოლოდ ერთხელ გავუგზავნე გზავნილი, ელემენტარული, მხოლოდ ტანსაცმელი. იქ საიდან უნდა ჰქონდეს რამე“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის ინფორმაციით, გზავნილი რომელიც მან ექიმს გაუგზავნა, მხოლოდ 29 ნოემბერს მიუტანეს.

„ციხეში რომ გადაიყვანეს, რაღაცა ელემენტარული ხომ სჭირდება ადამიანს, უკვე თვეზე მეტი გავიდა. გზავნილი, რომელიც მე აქედან გავუგზავნე მიუვიდა 29 ნოემბერს. ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი, თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც იქ შეხვდა ვაჟას და რაღაცით დაეხმარა. ბოლოს, ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა ადვოკატებთან. ბუნებრივია, ვკითხე როგორ გამოიყურებოდა ვაჟა, ძალიან ხომ არ გახდა.  ადვოკატმა მითხრა, რომ მას ვაჟა ადრე არ ყავდა ნანახი და შესაბამისად, ვერ მეტყოდა გახდა თუ არა. მითხრა, რომ წვერი აქვს მოშვებული, ძალიან გამხდარი არ არისო“ – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები