“არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით ხელახლა გავაკეთოთ დავალება” – ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ოპოზიციამ ხელისუფლებას საარჩევნო სისტემის რამდენიმე მოდელი შესთავაზა და ახლა უკვე მმართველმა პარტიამ უნდა თქვას, რომელი ვარიანტია ხელსაყრელი.

„ჩვენ არ ვაპირებთ, ოროსანი მოსწავლესავით დაგვიბრუნონ საშინაო დავალება ორიანით, დაგვავალონ, რომ ხელახლა გავაკეთოთ დავალება და მივიტანოთ მათთან. პროპორციული სისტემიდან წამოვედით დათმობაზე გერმანულ მოდელზე, შემდეგ გავყავით გერმანული მოდელი, შემდეგ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი მრავალმანდატიანის. ახლა ნამდვილად მათ მხარეს არის ბურთი, რაც არ უნდა ისაუბრონ, მე მგონი დიპლომატების საუბრითაც ნათლად ჩანს. მე პირდაპირ შევთავაზე, ასევე ჩემმა კოლეგებმაც, თქვენ გვითხარით, რა გაწყობთ. ხომ არ შეიძლება ჩვენ კიდევ ახალი ვარიანტი მივიტანოთ, შემდეგ კიდევ ერთი კვირა იფიქრებენ და გვეტყვიან, რომ არ მოსწონთ, შემდეგ კიდევ და ასე შემდეგ. საზოგადოების და თავის მოტყუება, ჩვენ ყოველ შემთხვევაში არ ვაპირებთ ასე გაგრძელებას. ჩვენ მათ შევთავაზეთ ვარიანტები, ახლა მათი ჯერია გვითხრან, რა ვარიანტი აწყობთ. მათი მოთხოვნა, მოიფიქრეთ ვარიანტი, რომლითაც ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უმრავლესობას მივიღებთ, რამდენიც არ უნდა გვქონდეს პროცენტულად მოსახლეობის მხარდაჭერა, აქ ჩვენ არ გამოვდგებით არც ერთ შემთხვევაში. პასუხი უნდა მოიტანოს „ქართულმა ოცნებამ“ და არა ჩვენ “, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

სასტუმრო „შერატონში“ უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მესამე შეხვედრა გუშინ დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.

მსგავსი თემები