„სალომე ზურაბიშვილის რანგის დესპანი, მსოფლიო ასპარეზზე, საქართველოს არ ჰყოლია” – გოგა ხაინდრავა

„სალომე ზურაბიშვილის რანგის დესპანი, მსოფლიო ასპარეზზე, საქართველოს არ ჰყოლია, იმიტომ, რომ ის საქმე, რასაც ის ევროპაში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა გიორგი ხანდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია გარკვეული კატეგორიის ადამიანების მიერ:

„ის აბსოლუტურად მომწამლავი კამპანია, რაც იყო პრეზიდენტის წინააღმდეგ, როდესაც აქ რუსი „ჩეკისტები“ ჩამოვიდნენ, დაწყებულია ბოკერიას და გრიგოლ ვაშაძის მიერ, რომელზეც სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რუსეთის უშიშროების თანამშრომელია. ეს არის სუფთა საბჭოთა უშიშროების მეთოდი და ხრიკები, „კაგებე“- დან მოყოლებული, როდესაც მოწინააღმდეგეს უნდა დააბრალო ის, რასაც თვითონ ჩადიხარ. მათ ჰყავდათ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარმოდგენილი რუსეთის უშიშროების თანამშრომელი და სალომეს დააბრალეს უშიშროების თანამშრომლობა,“- აცხადებს გიორგი ხაინდრავა.

მისივე განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელ განცხადებაში, გასაგებადაა ნათქვამი, რომ განათლება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ძალაა, თუმცა ეს განცხადება მავანმა ისევ პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოიყენა:

„მე არ ვიცი რა ნერვები აქვს ამ ქალბატონს. შეიძლება რაღაც ნაწილში იმ ადამიანებმა, რომლებსაც შესაბამისი განათლება არა აქვთ, მისი გამონათქვამები ზუსტად ვერ გაიგეს, მაგრამ ამას ამბობდა ილია ჭავჭავაძეც, რომ განათლება გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ზუსტად იგივე თქვა პრეზიდენტმაც, – ჩვენი თოფი და იარაღი ჩვენი განათლებააო. წინადადების ბოლო იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვერც ძალით, ვერც თოფით და იარაღით დავიპყრობთ რეგიონს, დავიპყრობთ განათლებით და კულტურითო,- სადაც ამბობდა, მაგრამ ის ნაწილი მოაჭრეს, იმიტომ, რომ ასე უნდოდათ და დატოვეს ისე, რომ თითქოს, ჯარს შეურაცხყოფს. ვინც იცის სალომეს ბიოგრაფია, ნამდვილად ეცოდინება, რომ ქვეყნის ასეთი მოყვარული ძალიან ცოტაა, – გინდა ამ ქვეყნის ჯარის, გინდა ამ ქვეყნის ღირსების, ამ ქვეყნის წარსულის და მომავლის მოყვარული! გიგა ბოკერია პიონერობიდან ამოსული კაცია და სალომე ზურაბიშვილი ამოსულია იმ ოჯახებიდან, ვინც ყველაფერი დატოვა საქართველოში და რაც მთავარია, გულით ატარა ეს ქვეყანა,“- განაცხადა გიორგი ხაინდრავამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები