საკრებულოსთან ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს

თბილისის საკრებულოსთან,”ქართული ოცნების” დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის გადადგომის მოთხოვნით, აქცია მიმდინარეობს. აქცია “სამოქალაქო მოძრაობის” მიერ არის ორგანიზებული.

აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებენ და დეპუტატის გადადგომას მოითხოვენ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ერეკლე კუხიანიძემ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და განაცხადა, როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, – დაწერა ერეკლე კუხიანიძემ სოციალურ ქსელში.

აქციაზე, “სამოქალაქო მოძრაობის” წევრებთან ერთად, იმყოფებიან “შეცვალე,” “გაბედე” და “სირცხვილიას” წევრები.

“ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ მოლაპარაკე და მოსიარულე ნაგავმა დატოვოს თბილისის საკრებულო, იმიტომ რომ ის იქ ყოფნით, აყროლებს და აბინძურებს იმ გარემოს, რაც თბილისის საკრებულოშია. არ შეიძლება ამ თავისი ამაზრზენი, მოღალატეობრივი და უსინდისო პოზიციის გამო ჩვენი გადასახადებიდან გადახდილი ფულით ხელფასს იღებდეს,” – განაცხადა “სამოქალაქო მოძრაობის” წევრმა ალეკო ელისაშვილმა.

“კუხიანიძე კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს მოქალაქე. რა თქმა უნდა, მე ვიზიარებ პოზიციას, რომ ის საკრებულოში არ უნდა იყოს და მანდატი უნდა დატოვოს. წარმოუდგენელია, რომ მტრის მიერ ჩვენი მოქალაქე დატყვევებული იყოს და საკრებულოს პირი ასეთ უღირს განცხადებებს აკეთებდეს,” – აღნიშნა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

პარალელურად, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, ერეკლე კუხიანიძეს დეპუტატის უფლებამოსილებაც შეუჩერდეს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ ოპოზიციამ 10 დეპუტატისგან თანხმობა მიიღოს.

მსგავსი თემები