“იხარჯება მნიშვნელოვანი თანხები, ვკარგავთ დროს” – დიმიტრი ხუნდაძის საგანგებო განცხადება მცხეთის გენ.გეგმასთან დაკავშირებით

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამხანაგობა „აქოლისის,“ რომელსაც მცხეთის განვითარების გენერალური გეგმა წლის ბოლომდე უნდა დაესრულებინა, უპასუხისმგებლობასა და დანაშაულზე საუბრობს და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

„მედიაცენტრი მთავარი“ დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:    

„ჩემს მიერ არაერთგზის გაკეთებულმა განცხადებამ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავების პროცესის, მის მიზნებთან არაადეკვატურობის შესახებ, დასტური ჰპოვა იუნესკოს წარმომადგენლობის შეფასებაში. ვახორციელებ რა მოსახლეობისგან მონიჭებული მანდატის ფარგლებში ჩემს კონსტიტუციურ უფლებამოსილებას, მინდა სამართლებრივი რეაგირებისათვის დავაყენო შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხები:

ამხანაგობა „აქოლისმა“ ვერ მოახერხა გენერალური გეგმის გეგმარებით დავალებით განსაზღვრულ ვადებში ფორმირება (5 ეტაპიდან დოკუმენტურად დასრულებულია მხოლოდ პირველი), რაც პირდაპირ აისახება ქალაქში შემოღებული მორატორიუმის ხანგრძლივობაზე.

კიდევ ერთხელ განვმეორდები, იხარჯება მნიშვნელოვანი თანხები, ვკარგავთ დროს. იუნესკოს ექსპერტული დასკვნით დადასტურდა პროცესის აცდენა საერთაშორისო სტანდარტებთან და ისევ არ არის გაცემული კითხვაზე პასუხი – რა სჭირდება ქალაქს?

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როგორც მცხეთაში ჩატარებული კონფერენციის დროსაც აღვნიშნე, საჭიროა სწრაფი და ქმედუნარიანი ნაბიჯების გადადგმა, რომლის ფარგლებში პირველ რიგში საჭიროა იუნესკოს რეკომენდაციების გათვალისწინება და გენგეგმის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დროულად ფორმირება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ მცხეთის განვითარების რეალური მოთხოვნების იგნორირების ფაქტს და ტენდენციურობას, რასაც იუნესკოს ექსპერტული შეფასებით, ქალაქის განვითარება „მომლოცველთა დისნეი-ლენდის“ შექმნის იდეაზე გადის. მათივე რეკომენდაციით საჭიროა მოხდეს არსებული საბაზისო დოკუმენტებზე დაყრდნობით, ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის ფორმირება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საქართველოს კულტურული მემკვიდრებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს სივრცითი მოწყობის დეპარტამენტის და მოსახელობის ჩართულობით.

ამხანაგობა „აქოლისის“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტს აშკარად ემჩნევა ტენდენციური გავლენა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო განაშენიანების რეგულირებასთან და ქალაქის განვითარებასთან და ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნას ბოლო არ უჩანს. ეს პროცესი 2015 წლიდან დაიწყო და დღესაც ეს საქმე უპასუხისმგებლობას ეწირება. შედეგი კი მძიმეა, ქალაქი ქრონიკული მორატორიუმის რეჟიმში ცხოვრობს. ხელი ეშლება მის განვითარებას, ტურიზმს, ეკონომიკურ აქტივობებს, ილახება საკუთრების უფლება. სახეზეა ორმაგი სტანდარტები.

ის, რომ დოკუმენტის შემუშავებაში ზოგიერთი მონაწილე მხარის ამდაგვარი ტენდენციური და მიკერძოებული დამოკიდებულება შედეგს ვერ მოიტანდა, არაერთი განცხადება მაქვს გაკეთებული, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან, მაგრამ შედეგი არის უშედეგობა – მცხეთისა და მცხეთელებისთვის ყოველწლიური „საჩუქარი“ მორიტორიუმის სახით.

მუნიციპალური განვითარების ფონდს და შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებს მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო დროულად მოხდეს ვითარების შეფასება, რადგან არ გაგრძელდეს დროისა და თანხის უშედეგო ხარჯვა და შედეგი ისევ უშედეგობით არ დასრულდეს“, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.  

https://mcm.ge/%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%9e/



https://mcm.ge/%e1%83%9b%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%92%e1%83%94%e1%83%92%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%9d/

მსგავსი თემები