“დღევანდელ ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა” – ირაკლი კობახიძე

“პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა ვნახეთ, რომ 100 000-ს ბევრად აჭარბებდა აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა”, – ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის განცხადებებზე რაიმე კომენტარის გაკეთებას საერთოდ აზრი ეკარგება და ეს დღევანდელმა ღონისძიებამ კარგად აჩვენა.

“ძალიან მიხარია, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობა გრანდიოზული ღონისძიებით აღვნიშნეთ. დღეს ნამდვილად უამრავმა ადამიანმა, ჩვენმა თანამოქალაქემ და “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა გამოხატა ძალიან მყარი სურვილი, რომ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაუახლოვდეს. ჩვენ მოვუწოდეთ ჩვენს მხარდაჭერებს, “ქართული ოცნების” დასავლური კურსის მხარდამჭერებს, რომ მოსულიყვნენ და დღეს თავისუფლების ზეიმი თავისუფლების მოედანზე ნამდვილად იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად შეგვეკრიბა. პროგრამა მინიმუმი 100 000 ადამიანი იყო, თუმცა ვნახეთ, რომ 100 000-ს ბევრად აჭარბებდა აქ შეკრებილი ადამიანების რაოდენობა. ეს იყო ჩვენი მიზანი და ეს მიზანი ზედმიწევნით შესრულდა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართულმა ოცნებამ”  დღეს თავისუფლების მოედანზე ღონისძიება “საქართველოს გზა ევროპისკენ” გამართა, რომელიც საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას მიეძღვნა.

მსგავსი თემები