“უცხო ნივთიერებაზე ექსპერიმენტი პარლამენტის თანამშრომლებზე ჩაატარეს, ეს დასჯადია” – მაია ნიკოლეიშვილი (ვიდეო)

„ასეთი სულელური თამაში შეიძლება ჩაიდინოს ბავშვმა სკოლაში, რომელსაც აუცილებლად დასჯიან და პარლამენტარი არ უნდა დაისაჯოს? არარეგისტრირებული პრეპარატი, თანაც აქროლადი სახით, ცხოველებშიც კი არ გამოიყენება“ – ამის შესახებ სამედიცინო კრიმინალისტიკურმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში მომხდარი ფაქტით, ომბუდსმენი და საერთაშორისო ორგანიზაციები უნდა დაინტერესდნენ.

მისი თქმით, არარეგისტრირებული ნივთიერების გამოყენება დახურულ სივრცეში, აქროლადი სახით, არის ადამიანების უფლებების აბსოლუტური დარღვევა:

„არარეგისტრირებული ნივთიერების გამოყენებას დახურულ სივრცეში, აქროლადი სახით, პერფორმანსს ვერ დავარქმევთ, პერფორმანსი არის შემთხვევა, როდესაც წინასწარ გაცნობიერებულია ამის შესახებ საზოგადოება. ამასთანავე, „ბოროტი“ პერფორმანსები თითქმის არ არსებობს. რაც მოხდა, ეს არის აბსოლუტური დარღვევა ადამიანების უფლებების. არარეგისტრირებული ნივთიერების გამოყენება, დახურულ დარბაზში, საერთაშორისო კონვენციებში მკაცრად არის გაწერილი. პარლამენტში მოხდა ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტი, მასობრივად, ძალიან ბევრი ადამიანის ერთად! ჩატარდა ექსპერიმენტი უცნობი ნივთიერებით, ეს შეიძლება მეცნიერებმა ექსპერიმენტად გამოიყენონ. ნივთიერება, რომელიც რუსეთშია ნაწარმოები 40-იან წლებში, არსად არ არის რეგისტრირებული, აქედან გამომდინარე, არარეგისტრირებული პრეპარატი, თან აქროლადი სახით, ცხოველებშიც არ გამოიყენება.

სამწუხაროდ, ომბუდსმენი ამჯერადაც სდუმს, ისევე როგორც ძალიან ხშირად, ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ მივეჩვიეთ, რომ ომბუდსმენი და საერთაშორისო ორგანიზაციები რეაგირებენ მხოლოდ იმაზე, რაც გარკვეული პოლიტიკური ინტერესების მქონე პარტიების და ორგანიზაციების ინტერესებში შედის. ის სდუმს ჭეშმარიტად ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევაში, – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი.

ექსპერტის განმარტებით,  პარლამენტში მივიღეთ დანაშაულებრივი ექსპერიმენტი, რისი შორეული შედეგიც არავინ იცის:

„რას იწვევს, უკვე ვნახეთ, ანუ ადამიანების მოწყვლად ჯგუფებზე გამოხატული იყო სუნთქვის უკმარისობა, თუმცა, რა მოჰყვება ამას, შორეული შედეგი არავინ იცის. უნდა ჩატარდეს დაკვირვება ამ ადამიანებზე სპეციალისტების მიერ. ასეთი სულელური თამაში შეიძლება ჩაიდინოს ბავშვმა სკოლაში, რომელსაც ქიმია არ უსწავლია და არა აქვს პასუხისმგებლობები გაცნობიერებული, რომელსაც აუცილებლად დასჯიან და პარლამენტარი არ უნდა დაისაჯოს? – აცხადებს მაია ნიკოლეიშვილი „მედიაცენტრ მთავართან“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, დაუზუსტებელი შემადგენლობის არარეგისტრირებული სხნარი დაღვარეს, რის შედეგადაც, 6 ადამიანი შეუძლოდ გახდა. მათ შორის 4-ს ჰოსპოტალიზება დასჭირდა.


მსგავსი თემები