საიას ინფორმაციით, პოლიციელების ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, არასრულწლოვანმა თავის მოკვლა სცადა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა მე-9 სართულიდან გადმოხტომით სცადა.

განცხადების მიხედვით, სამართალდამცავები არასრულწლოვანს  აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მის ძმას პრობლემები შეექმნებოდა, ხოლო მას დააპატიმრებდნენ. საიას ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკითხვისას ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარება მოითხოვა, თუმცა პოლიციამ ეს ფაქტი უგულებელყო.

“2019 წლის 11 დეკემბერს, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სავარაუდოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მიერ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა. იგი საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და ამჟამად  კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში 2019 წლის 10 დეკემბერს და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. არასრულწლოვანს საგამოძიებო უწყების თანამშრომლები ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელსაც აღნიშნული ორგანო იძიებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება. პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა გამოკითხვისას და მოითხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს. გამოკითხვის პროცესს ესწრებოდა არასრულწლოვნის დედაც, თუმცა გარკვეულ მომენტში არასრულწლოვანი მარტო დარჩა პოლიციის თანამშრომლებთან, ” – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საიამ, სახელმწიფო ინსპექტორის საგამოძიებო სამსახურს, გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს მუქარით, მოტყუებით ან სხვა უკანონო მოქმედებით პირის იძულებას მისცეს ჩვენება.

საიას ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, რომელსაც აწარმოებს სწორედ ის განყოფილება, სადაც არასრულწლოვანზე ხორციელდებოდა ძალადობა და იძულება.

“გამოძიების ფარგლებში ამოღებულია არასრულწლოვნის პერსონალური კომპიუტერი და მობილური ტელეფონი. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას,” – აცხადებენ საია-ში.

მსგავსი თემები